პაკისტანის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანდიდატურას ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლოდროინდელი კონფლიქტის გადაწყვეტაში დამსახურების გამო.
როგორც Sky News წერს, ზოგიერთი პაკისტანელი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, აშშ-ს პრეზიდენტი დაარწმუნოს, ხელი აიღოს ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებებში აშშ-ს არმიის ჩართვაზე.
პაკისტანი ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ 13 ივნისს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, სახელწოდებით "აღმავალი ლომი", მკაცრად გმობს. მათი განცხადებით, ოპერაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს და რეგიონულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
მაისში ტრამპმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტა მოულოდნელად გამოაცხადა. სწორედ ამ ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 7 მაისს დაიწყო და 4 დღე გაგრძელდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბირთვული ომი სწორედ მისი წყალობით იქნა თავიდან აცილებული. თუმცა, ამავდროულად, ტრამპი ამბობდა, რომ ამ მიღწევისთვის საკმარის აღიარებას არ იღებდა.
პაკისტანი ტრამპს ეთანხმება, რომ კონფლიქტი აშშ-ს დიპლომატიური ჩარევის წყალობით გადაწყდა, თუმცა ამას ინდოეთი არ ეთანხმება – ინდოეთი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ორ სამხედრო ძალას შორის ორმხრივი შეთანხმებით იქნა მიღწეული.
"პრეზიდენტმა ტრამპმა შესანიშნავი სტრატეგიული შორსმჭვრეტელობა და ბრწყინვალე ლიდერობა გამოავლინა ძლიერი დიპლომატიური ურთიერთობის გზით როგორც ისლამაბადთან, ისე ნიუ-დელისთან, რამაც მოახდინა დეესკალაცია სიტუაციისა, რომელიც სულ უფრო და უფრო სწრაფად უარესდებოდა". - განაცხადა პაკისტანმა.
ისლამაბადის განცხადებითვე, კონფლიქტის გადაწყვეტაში ტრამპის ამგვარი მონაწილეობა ასევე "ადასტურებს მის როლს, როგორც ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფლისა".
20 ივნისს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ჩამოთვალა ის კონფლიქტები, რომელთა გადაწყვეტაც, მისი თქმით, მან შეძლო. პოსტში ჩამოთვლილ კონფლიქტებს შორის იყო პაკისტან-ინდოეთის კონფლიქტი და მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მიღწეული აბრაამის შეთანხმება ისრაელსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შორის.
აშშ-ს პრეზიდენტმა ამავე პოსტში დაწერა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიას არ მიიღებდა "იმისდა მიუხედავად, თუ რას გავაკეთებ".