პოლიციამ ლოს-ანჯელესის ცენტრში, საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციებზე კვირას 27 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდო დანაშაულებს შორისაა პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და მოტოციკლით პოლიციის რიგებში შევარდნა და შეჯახება.
ჯიმ მაკდონელის თქმით, 17 ადამიანი კალიფორნიის საგზაო პატრულმა 101-ე გზატკეცილის მომიტინგეებისგან გაწმენდისას დააკავა, 10 ადამიანი კი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ქალაქის ცენტრში, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკებებისას დააკავა.
მაკდონელის თქმით, ერთი დღით ადრე, შაბათს 29 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“. კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.