აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც სირიას ფაქტობრივად სანქციებს უხსნის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კერძოდ, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა გენერალური ლიცენზია, რომელიც უფლებას აძლევს სირიის დროებით მთავრობას პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, ცენტრალურ ბანკს და სხვა სახელმწიფო უწყებებს განახორციელონ ოპერაციები.
ამასთან ერთად, როგორც სააგენტო აღნიშნავს, სირიას 180 დღით სანქციები მოუხსნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რათა მათ ხელი არ შეუშალონ სირიაში განსახორციელებელ ინვესტიციებს და ხელი შეუწყონ ქვეყნის უზრუნველყოფას ელექტროენერგიით, წყლით, სანიტარიით და სხვა ჰუმანიტარული საკითხებით.
„დღევანდელი მოვლენები არის პირველი ნაბიჯი პრეზიდენტის ხედვის რეალიზაციის გზაზე სირიასა და შეერთებულ შტატებთან ახალი ურთიერთობებისთვის“, - ციტირებს Reuters-ი რუბიოს.
ცნობისთვის, ტრამპი 14 მაისს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს სირიის დროებით ლიდერს ალ-შარაას შეხვდა და სანქციების შემსუბუქებას დაჰპირდა.