უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის (FISU) ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს განცხადებით, ამჟამად რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 145 მილიონ ადამიანს, ხოლო სამობილიზაციო რესურსი 25 მილიონს შეადგენს.
ამის შესახებ მან „უკრინფორმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„25 მილიონი... ისინი შესაბამისი სამხედრო ან მასთან დაკავშირებული სპეციალობების მქონე ადამიანები არიან. ეს არის შრომითი რესურსი, რომელიც ამოძრავებს რუსეთის ეკონომიკას. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1,3 მილიონი ადამიანია მობილიზებული, საიდანაც თითქმის მილიონი დაიღუპა ან დაიჭრა“, - ამბობს ივაშჩენკო.
ამავდროულად, FISU-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ 25 მილიონიდან მხოლოდ 3 მილიონია „სათანადოდ გაწვრთნილი“.
ბელარუსის არმიის შესაძლებლობებთან და ბელარუსიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით, ივაშჩენკო აცხადებს, რომ ოფიციალურ მინსკს ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების ჩატარება არ შეუძლია. ამავდროულად, ივაშჩენკო ამტკიცებს, რომ თავად ბელარუსებს, როგორც სამხედროებს, ისე სამოქალაქო პირებს, ამის გაკეთება არ სურთ.
„ისინი უკრაინის საზღვართან ახლოს დაახლოებით 2000 ჯარისკაცს მხოლოდ იმისთვის ამყოფებენ, რომ ყურადღება მათზე გადავიტანოთ. ანუ, საბრძოლო ძალა მცირეა, შეტევითი ოპერაციების ჩატარება მას არც ომამდე შეეძლო და არც ახლა შეუძლია. გარდა ამისა, მათი სამხედრო მოსამსახურეები ამისთვის მორალურად მზად არ არიან“, - განაცხადა საგარეო დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა.
თუმცა, მისი თქმით, მინსკი მოსკოვს იარაღის წარმოებაში ეხმარება, ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი ქარხნების დაახლოებით 80% ამჟამად რუსულთან არის ინტეგრირებული და ისინი, ფაქტობრივად, „ერთიან ბაზას“ წარმოადგენენ.
„2022 წელს რუსეთს, რომელიც ომის სამ დღეში დასრულებას გეგმავდა, იარაღთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მაშინ ბელარუსმა საწყობებიდან მოსკოვს ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო: საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, სამხედრო ტექნიკა - T-72 და BMP-2, აგრეთვე სამიზნეები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ჩარხები. ახლა მათ ასევე დაიწყეს იმ საბრძოლო იარაღსი წარმოება, რომელიც რუსეთს აკლია. ეს არის რაკეტები, ქვემეხები - ყველაფერი, რაც ომისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა FISU-ს ხელმძღვანელმა.
მანამდე, რუსულმა გამოცემამ „მნიშვნელოვან ისტორიები“ („Важные Истории“) გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს, სულ მცირე, 48 ქვეყნის დაქირავებული მებრძოლი მონაწილეობს. ჟურნალისტებმა 1500 ასეთი მეომრის ვინაობა გამოავლინეს და დაადგინეს, თუ როგორ ხდება მოსკოვში უცხოელების გადაბირება და რუსეთის არმიაში მათი გაწევრიანება.
რა არის ცნობილი ჩინეთისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ
2024 წლის 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს ჩრდილოეთ კორეა „ფაქტობრივად უკვე შეუერთდა“. 5 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმადაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს შორის კურსკის ოლქში „პირველი შეტაკებები“ მოხდა.
2025 წლის 11 იანვარს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ამ ტყვეებთან წვდომის უზრუნველყოფა დაავალა. სამხრეთ კორეამ გამოაცხადა, რომ მზად არის ტყვედ აყვანილი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (კსდრ) ჯარისკაცები მიიღოს, რადგან ის კსდრ-ს ყველა მცხოვრებს თავის მოქალაქედ აღიარებს.
8 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევა, რომლებიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
9 აპრილს ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთის არმიაში, სულ მცირე, ჩინეთის 155 მოქალაქე იბრძვის, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც უკრაინის სპეციალური სამსახურები ფლობენ.
თავის მხრივ ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ მათ არაფერი იციან 155-ზე მეტი ჩინელი მოქალაქის შესახებ, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
14 აპრილს ჩინელმა სამხედრო ტყვეებმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც მათ ისაუბრეს, თუ როგორ ჩავარდნენ ისინი ტყვედ და როგორ იბირებს რუსეთი უცხოელებს თავის ჯარში.
წყარო: 1 არხი