საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე პირველი მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად, 83:69 დაამარცხა.

საქართველომ ევრობასკეტების გახსნითი ექვსი შეხვედრიდან ოთხი მატჩი მოიგო. 2011 წელს ბელგიას სძლია, 2013-ში – პოლონეთს, 2017-ში – ლიეტუვას, ხოლო 2025-ში – ესპანეთს.

ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ არითმიის გამო ორი კვირა დაისვენა. მისი ესპანეთთან თამაში ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა ექიმებმა უფლება მისცეს და ისიც სასტარტოში ვიხილეთ – ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.

მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო სკარიოლომ თქვა – საქართველო სიმაღლეშიც გვჯობნის და წონაშიც, ფარქვეშ მათი შეჩერება გაგვიჭირდებაო. ეს ერთი მხრივ კარგი კომპლიმენტი იყო ჩვენი გუნდის მისამართით, მაგრამ რეალობაც აღმოჩნდა.

საქართველო ფარქვეშ მეტოქეზე უკეთესი ნამდვილად იყო როგორც შეტევაში, ასევე – დაცვაში. გამოცდილ ტანმაღალ ესპანელებს ძალიან უჭირდათ ფარქვეშ შესვლა და ქულების მოპოვება.

სკარიოლოს შეგირდები პერიმეტრიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას. თუმცა დაცვაში საქართველო პერიმეტრზეც კარგად იდგა.

მატჩის ქრონოლოგია

პირველი ქულები საქართველომ ჩააგდო და პირველ ტაიმში იყო მომენტი 10 ქულითაც დაწინაურდა – 19:9.

ესპანეთმა პირველ ნახევარში მაინც მოახერხა წინ გასვლა, ოღონდ ერთი ქულით და რამდენიმე წამით. საქართველომ ტაიმის ბოლოს ლიდერის როლი დაიბრუნა და დიდ შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდა – 37:35.

მესამე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები აგრძელებდნენ დაცვაში აგრესიულ თამაშს, ესპანელებს ბურთის გათამაშება ძალიან უჭირდათ, მათი მწვრთნელი სერჟიო სკარიოლო იდეალურ ხუთეულს ვერ პოულობდა და საბოლოოდ ეს მეოთხედი საქართველომ 20:14 მოიგო.

მეოთხე მეოთხედიც დაბალშედეგიანი გამოვიდა, საქართველოს ნაკრები აგრესიული დაცვის თამაშს აგრძელებდა, განსაკუთრებით გააქტიურდა გოგა ბითაძემ, რომელმაც მატჩის მიწურულს საქართველოს სამქულიანებით მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა და ჩვენმა გუნდმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვაბა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო 19 ქულით, 7 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 13 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიას, 15 გოგა ბითაძეს, 11 – დუდა სანაძეს, 12 – კამარ ბოლდუინს, 5 – ბექა ბურჯანაძეს, 4 – გიორგი შერმადინს, 2 – რატი ანდრონიკაშვილს.

ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტზე მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს იტალიასთან გამართავს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

1tv.ge