ორშაბათიდან, ვინც ბაზელ-შტადტის კანტონში პირადი ავტომობილით სარგებლობაზე უარს იტყვის, ჯილდოს მიღება შეუძლია. სამშენებლო და სატრანსპორტო დეპარტამენტის (BVD) განცხადებით, „გარემოსდაცვითი ბონუსი მანქანების გაჩერებისთვის“ არის კამპანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა და უკვე დაიწყო.
ბაზელის მცხოვრებლები, ვინც რეგისტრაციიდან მოხსნიან საკუთარ მანქანას, მიიღებენ 1 500 შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 1 890 დოლარის) ვაუჩერს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ან ველოსიპედის შესაძენად. „პროგრამა ორ წელზეა გათვლილი და გააჩნია საკმარისი ბიუჯეტი 400 გარემოსდაცვითი ბონუსის გასაცემად“, - ნათქვამია BVD-ის განცხადებაში.
ამ მიზნით, ბაზელ-შტადტის კანტონის ხელისუფლებამ მარტში სატრანსპორტო ფონდიდან 700 000 შვეიცარიული ფრანკი გამოყო. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლიათ 18–80 წლის ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ კანტონში ცხოვრობენ და მინიმუმ ერთი წელია, პირად ავტომობილს ფლობენ.
კანტონი ასევე მოითხოვს ხელმოწერილ ვალდებულებას, რომ კამპანიის მონაწილე სამი წლის განმავლობაში აღარ გამოიყენებს მანქანას. ოფიციალური ინფორმაციით, კამპანია მიზნად ისახავს ბაზელის კლიმატის დაცვის გაუმჯობესებას, რაც 2037 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაში გამოიხატება.
წყარო: 1 არხი