20-21 სექტემბერს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის წყლის ძლიერი სიმღვრივე შეინიშნებოდა.

ზღვის ბიოლოგის, ეკოლოგის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, მან 20 სექტემბერს სიმღვრივის მაჩვენებელი სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა და დაადგინა, რომ შავი ზღვა ასეთი მღვრიე არასოდეს ყოფილა. სპეციალისტის განმარტებით, სიმღვრივის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ უქმნის საფრთხეს შავი ზღვის ეკოსისტემას.

„ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს პრესცენტრს გუშინ, 22 სექტემბერს დაუკავშირდა ამ თემაზე კომენტარის მისაღებად. უწყებაში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა სატელეფონო საუბრის შემდეგ არც გუშინ და არც დღეს პრესცენტრმა „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს და შეტყობინებებს აღარ უპასუხა.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, ასევე, აჭარის არალეგიტიმურ მთავრობას ზღვის სიმღვრივის პრობლემაზე ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

„პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ისტორიულად ასრულებდნენ – მიდის ქვიშა-ხრეშის აბსოლუტურად გაუაზრებელი მოპოვება: მოიპოვებენ ყველგან, მოიპოვებენ ნებისმიერი ოდენობით… თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ: მოვკლავთ მდინარეებს, მოვკლავთ ზღვას, ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება და მაშინ რაღად გვინდა ეს მშენებლობა?“ – ამბობს ზღვის ბიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

batumelebi.netgazeti.ge