უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კიევს ჩაბნელებით თუ ემუქრება, მაშინ დენი გაითიშება მოსკოვშიც.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მოსაზრება აშშ-ში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპსაც გაუზიარა.

როგორც ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი თუ კონკრეტული თემით იმუქრება, „ცივილიზებულმა ქვეყნებმაც“ იგივე უნდა გააკეთონ, მათ შორის რიტორიკის დონეზე.

„ცივილიზებულად ყოფნა არაცივილიზებულებთან შეცდომაა, როგორც რიტორიკის კუთხით, ისე, მით უმეტეს არსებით ნაბიჯებში ბრძოლის ველზე და რუსეთთან ურთიერთობებშიც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „ცივილიზებული ქვეყნები ველურებისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ იწყებენ პირველები და, არ არიან აგრესორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტები არიან და არ არის საჭირო სისუსტის ჩვენება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ტრამპს „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების

შესყიდვის თხოვნით მიმართა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო მოთხოვნა, რომელსაც თან ახლავს ილუსტრაციები და მასში არის ყველაფერ რაც უკრაინას სურს. მისი განმარტებით საუბარი იყო შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე და უშუალოდ „ტომაჰავკები“ მას არ უხსენებია.

ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს ხანში უკრაინის დელეგაცია გაემგზავრება აშშ-ში იარაღის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად, კერძოდ, ახალი სქემით – აშშ-ი იარაღს ნატო-ს მიჰყიდის, ხოლო ალიანსი მას კიევს გადასცემს. ამავე ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი“, რომელიც კიევმა ისრაელისგან მიიღო. მისივე თქმით, შემოდგომაზე უკრაინა კიდევ ორ ასეთ სისტემას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ 10 სექტემბერს უკრაინამ ჩამოაგდო იმ რუსული დრონების დიდი უმრავლესობა, რომლებიც პოლონეთისკენ მიფრინავდნენ. მისი ინფორმაციით, ამ დროს პოლონეთის მიმართულებით 90 დრონი მიემართებოდა, უკრაინის მოქმედების შედეგად კი პოლონეთის საჰაერო სივრცეში მხოლოდ 19 დრონი მოხვდა.

ზელენსკის ასევე თქვა, რომ უკრაინა მზადა არის, დრონებთან ბრძოლის მეტი სისტემა აწარმოოს, თუმცა ამას დამატებითი დაფინანსება სჭირდება.

1tv.ge