„ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის პრობლემა სისტემურად არის მოსაგვარებელი, რეფორმის გზით,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის პრობლემა სისტემურად არის მოსაგვარებელი, რეფორმის გზით. ჩვენ რევოლუცია არ გვინდა, არც შოკური თერაპია, ჩვენ გვინდა ევოლუცია და მკურნალობა. იმისათვის, რომ ვუმკურნალოთ, დიაგნოზზე უნდა შევთანხმდეთ, რაზეც, მე ვფიქრობ, რომ არ გვექნება დიდი აზრთა სხვადასხვაობა.

პრინციპი უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ურთიერთობაში უნდა შედიოდეს კვალიფიციურ მიმწოდებლებთან და კომპანიებთან, რომლებსაც ხარისხობრივი რეალიზება უნდა ვანდოთ. აქედან გამომდინარე „თეთრი სიის“ ევოლუცია უნდა მოხდეს. ამას მარტო კერძო სექტორი ვერ მიაღწევს,“ - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია, მოხდეს არსებული ხარისხის აღიარება.

„ძირეული რეფორმის გარეშე ჩვენ ვერც ხარჯთეფექტიანობას, ვერც ხარისხს, ვერც მომგებიანობას მივაღწევთ. ეს ყველაფერი გააზრებული რეფორმით მიიღწევა. იმისათვის, რომ ხარისხობრივი მაჩვენებელი გავზარდოთ, ჯერ უნდა ვაღიაროთ არსებული ხარისხი, რათა არ ვიყოთ სუბიექტურები,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს გუნდთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემური საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ე.წ. თეთრი სიების (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრი) გაუქმებისა და სავალდებულო ფასთა ინდექსაციის დანერგვის საკითხი.

წყარო: bpn.ge