მზია ამაღლობელის წერილი The Guardian-ში გამოქვეყნდა.

პატიმარი ჟურნალისტი დასავლეთს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი მეზობლობაში თავად ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. ახლა საქართველოს მიტოვება რუსეთის აგრესიის დაჯილდოებას ნიშნავს" - წერს ამაღლობელი.

ამონარიდი ამაღლობლის წერილიდან:

"სხვა არჩევანი არ მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს გაანადგუროს ჟურნალისტიკა - პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი. ჩემი კოლეგების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ საქმეს აკეთებენ. ახლა გაჩუმება მათი, ჩემს თავსა და საქართველოში დღეს არსებულ დაახლოებით 60 პოლიტპატიმარს ღალატი იქნება.

ამ ციხის კედლებს გარეთ, ხალხი უკვე ცხრა თვეა ქუჩაში გამოდის. ისინი ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ, მათ წყლის ჭავლით არბევენ, ცრემლსადენი გაზით ახრჩობენ და სპეცრაზმი მათ სასტიკად სცემს. მაგრამ ისინი მაინც არ ნებდებიან. მათი მონდომება - ჩვენი იმედია.

ჩვენ მკვეთრი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე ერთხელ უკვე აღმოვჩნდით. 1921 წელს საქართველოს ხანმოკლე დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა, ქართველი ბოლშევიკების დახმარებით, გადაყლაპა. მაშინაც ახალგაზრდობა გმირულად იბრძოდა ქუჩებში, მაგრამ შემდეგ 70 წლით საბჭოთა ბატონობის ჩრდილის ქვეშ გაქრა.

ახლა ისტორია მეორდება - ჩვენი ხელისუფლების შიგნით მყოფი კოლაბორაციონისტების დახმარებით, რუსეთი კვლავ ცდილობს საკუთარ ორბიტაში მოგვაქციოს. რეჟიმი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და დღემდე მის ინტერესებს ემსახურება. რეჟიმმა ჩვენი ევროპული გზა მიატოვა და რუსეთის მმართველობის იარაღები მოირგო: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.

მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებმა თავისი სიმტკიცე არაერთხელ გამოავლინეს. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ჩვენი მოქალაქეების დაპატიმრება და გატაცება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დღემდე გრძელდება, ჩვენ მაინც ვირჩევთ ევროპას.

ამ ბრძოლას საქართველოს ახალგაზრდობა უძღვება - დაღლილობის, სასოწარკვეთისა და იმ ცივი გათვლების წინააღმდეგ, ვინც ჩვენი თავისუფლების გაყიდვას ცდილობს".

შეგახსენებთ, „ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს. მზია ამაღლობელის კანდიდატურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტებისა და ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ევროპარლამენტმა რასა იუკნევიჩიანემ, მისი და კიდევ 60 ევროპარლამენტარის სახელით წარადგინა. წარდგენას წინ უძღოდა ვიდეო მასალა, რომელშიც ასახული იყო პროევროპული საპროტესტო აქციების დაშლის კადრები და კადრები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან. სახაროვის პრემიაზე, რომელიც ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა, მზია ამაღლობელის გარდა კიდევ 7 კანდიდატი წარადგინეს.

სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

ნორვეგიულმა ფონდმა Fritt Ord Foundation-მა და ორგანიზაცია ZEIT Stiftung Bucerius-მა თავისუფალი მედიის პრემიის 6 ლაურეატი დაასახელეს, მათ შორის ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ წლევანდელი პრემიის ლაურეატები არიან: მედია პლატფორმა Gwara Media უკრაინიდან, ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოდან, საგამოძიებო ონლაინ მედია საშუალება

Direkt36 უნგრეთიდან, ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა რუსეთიდან, მედია არხი Belarus Investigative Center ბელარუსიდან და ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა აზერბაიჯანიდან.

„პრიზები გადაეცემა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, უკიდურესად რთულ ვითარებაში მათ მიერ განხორციელებული გმირული საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარების ნიშნად. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ თავიანთ არეალს და წლევანდელი პრემიის ორ ლაურეატს ცოტა ხნის წინ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მათი ჟურნალისტური ძალისხმევის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი ჯილდოვდება ჟურნალისტური პატიოსნებისა ეთიკის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„აგვისტოში მას თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიესაჯა იმ საქმეში, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ მიიჩნევენ. სინამდვილეში, ის ისჯება რეჟიმის კორუფციული საქმიანობის მრავალი წლის განმავლობაში გამოაშკარავებისთვის. ის პირველი ქალი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს. მან წელს, იანვარსა და თებერვალში, ხელისუფლების წინააღმდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშია. მზია ამაღლობელთან ერთად, ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი. ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრიზის მიზანია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ. 2025 წლის პრემიის გამარჯვებული 29 სექტემბერს, სტრასბურგში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.