სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ერეკლე კეჟერაშვილის შეფასებით, სარკინიგზო უსაფრთხოების მიმართულებით დაწყებული რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან რკინიგზის ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირება ხდება.
როგორც სააგენტოს დირექტორი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, 2025 წელს კომპანიებისთვის ავტორიზაციის მიღების პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა, ჯამში კი 142 განაცხადიდან 28-ზე ავტორიზაცია უკვე გაცემულია, 72 განაცხადი კი, დასკვნით ეტაპზე იმყოფება.
"სარკინიგზო უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმა მნიშვნელოვანი და საკმაოდ მრავალმხრივია, სადაც უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმირება ხდება, თუმცა ბევრი სხვა მიმართულება გვაქვს, მაგალითად, მატარებლის მემანქანეების მართვის მოწმობის სისტემა, რომელიც ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ავაწყვეთ და ა.შ. აღნიშნული რეფორმა 2023 წლიდან დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მიერ მრავალი ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის კანონმდებლობის შექმნის მიმართულებით.
კომპანიებისთვის ავტორიზაციის ფლობა სავალდებულო მოთხოვნაა - 2025 წლის განმავლობაში განცხადებების მიღების პერიოდი რამდენიმე ეტაპად გვქონდა. ჯამში 142 განაცხადი მივიღეთ და სარკინიგზო სისტემა პრაქტიკულად სრულად დაიფარა.
ავტორიზაციის კუთხით, რკინიგზას გაცილებით სხვა სტანდარტების დაკმაყოფილება უწევს - კომპანიამ სერტიფიკატი, თუ ავტორიზაცია, რომ მიიღოს უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოამზადოს და შემდგომ პრაქტიკაში დანერგოს. უსაფრთხოების მართვის სისტემა დოკუმენტია, რომელიც მართვის სფეროს აღწერს... აღნიშნული სისტემა საერთაშორისო პრაქტიკას პასუხობს, რომელიც დღეს არსებობს", - აღნიშნავს ერეკლე კეჟერაშვილი.