უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც Instagram-ის ყოფილმა თანამშრომელმა არტურო ბეხარმა ოთხ არაკომერციულ ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა, Instagram-მა ვერ შეძლო ბავშვების ეფექტური დაცვა კიბერსაფრთხეებისგან. მიუხედავად მრავალწლიანი საკონგრესო განხილვებისა, სასამართლო დავებისა და მშობლებისა თუ მოზარდების მიერ მოწოდებული მტკიცებულებებისა, კომპანიის მიერ გატარებული უსაფრთხოების ზომები კრიტიკულად არაეფექტურად შეფასდა.
ანგარიში, რომელიც ბეხარმა ნიუ-იორკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტების კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, მოლი როუზის ფონდთან, Fairplay-სთან და ParentsSOS-თან თანამშრომლობით მოამზადა, მიუთითებს, რომ Meta-მ არჩია მხოლოდ ზედაპირული ცვლილებები და სენსაციური განცხადებები გაეკეთებინა მშობლებისთვის ახალი ინსტრუმენტებისა და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ანგარიშების შესახებ, რეალური უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების ნაცვლად.
კომპანია Meta ანგარიშს სპეკულაციურად აფასებს. კომპანიის განცხადებით, კვლევა არასწორად წარმოაჩენს კომპანიის ძალისხმევას მშობლებისა და მოზარდების დასაცავად. Meta ამტკიცებს, რომ მათი Teen Accounts სისტემა უზრუნველყოფს ავტომატურ დაცვას და მარტივ საკონტროლო მექანიზმებს მშობლებისთვის, რის შედეგადაც მოზარდები ნაკლებ მგრძნობიარე კონტენტს ხედავენ, ნაკლებად განიცდიან არასასურველ კონტაქტს და ნაკლებ დროს ატარებენ პლატფორმაზე ღამის საათებში.
კვლევის ფარგლებში შეფასდა Instagram-ზე არსებული 53-დან 47 უსაფრთხოების ფუნქცია. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ან აღარ ფუნქციონირებს ან სრულიად არაეფექტურია. რამდენიმე ფუნქცია ნაწილობრივ ამცირებდა საფრთხეებს, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვებით, ხოლო მხოლოდ რვა ინსტრუმენტი მუშაობდა სრულფასოვნად. კვლევა ფოკუსირდა არა შინაარსის მოდერაციაზე, არამედ პლატფორმის დიზაინზე, რაც მკვლევრების აზრით, პრინციპული განსხვავებაა – საკითხი ეხება არა გამოხატვის თავისუფლებას, არამედ იმას, თუ როგორ ატყუებს Meta მშობლებსა და მოზარდებს Instagram-ის უსაფრთხოების შესახებ.
ნიუ-მექსიკოს გენერალური პროკურორი რაულ ტორეზი, რომელმაც Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, აღნიშნავს, რომ კომპანია თავის რესურსებს მიმართავს არა რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი პლატფორმები თითქოს უსაფრთხოა.
მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური სატესტო ანგარიშები და აღმოაჩინეს, რომ Meta-ს მცდელობების მიუხედავად, უცხო ზრდასრულებს მაინც შეუძლიათ კომუნიკაცია დაამყარონ არასრულწლოვნებთან მრავალი სხვადასხვა გზით, რომლებიც პლატფორმის დიზაინშია ჩაშენებული. უფრო მეტიც, Instagram-ის რეკომენდაციის სისტემა ხშირად თავად სთავაზობს არასრულწლოვნებს უცხო ზრდასრულების პროფილებს.
განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ როდესაც მოზარდი არასასურველ სექსუალურ შეთავაზებებს ან შეუფერებელ კონტაქტებს აწყდება, Meta-ს სისტემა არ სთავაზობს ეფექტურ მექანიზმს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი შემთხვევების შესახებ შეტყობინება.
ასევე საგანგაშოა, რომ Instagram აქტიურად უბიძგებს მოზარდებს გამოიყენონ გამქრალი შეტყობინებების ფუნქცია, რაც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკების გასაღებისა და ბავშვებზე მანიპულაციისთვის, ამასთან არასრულწლოვნებს არ აქვთ ამ სიტუაციის მოგვარების საშუალება.
წყარო: Fastcompany marketer.ge