2025-2026 სასწავლო წელს, მაღალმთიანი აჭარის 29 საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს.

„ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტების მიხედვით გაარკვია, რომელ სოფლებში აღარ ჰყავთ პირველკლასელები.

წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 10 საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. ასევე, 15 სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელები შუახევში, ქედაში კი წელს 4 სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე.

სოფლების ჩამონათვალი, სადაც წელს სკოლაში პირველკლასელები არ ჰყავთ ასე გამოიყურება:

ხულო: სოფელი მანიაკეთი, კალოთა, ტაბახმელა, პანტნარი, თაგო, სკვანა, ქვემო თხილვანა, ძმაგულა, ფუშრუკაული და დიაკონიძეები.

შუახევი: ჩანჩხალო, გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ოლადაური, ჭალა, ნაღვარევი, ინწკირვეთი, კარაპეტი, ტაკიძეები, ცხემლისი, გომარდული, ზემოხევი, ვანი, ჟანივრი.

ქედა: სოფელი ხარაულა, ჯალაბაშვილები, ორცვა და დანდალო.

გასულ წელს ქედაში ერთი სკოლა საერთოდ დაიხურა, რადგან სოფელ ნამონასტრევის სკოლაში, მხოლოდ 1 ბავშვი სწავლობდა.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, როგორც რესურსცენტრში გვეუბნებიან, წელს არ აქვთ ისეთი სკოლები, სადაც პირველკლასელი არ შესულა.

ასევე, მაღალმთიან აჭარაში გაიზარდა ისეთი სკოლების რიცხვიც, სადაც მხოლოდ 1 ან 2-3 პირველკლასელი ჰყავთ.

სტატისტიკის მიხედვით, სკოლების რიცხვი, სადაც პირველკლასელები აღარ ჰყავთ, ყოველ წელს იზრდება. გასულ წელს აჭარაში 20 სკოლა იყო პირველკლასელების გარეშე.

სოფლის სკოლებში პირველკლასელთა კლება, სავარაუდოდ, გაზრდილ მიგრაციას უკავშირდება.

batumelebi.netgazeti.ge