ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის მზადაა, უკრაინის პრეზიდენტთან ომის დასრულების საკითხზე ისაუბროს.

ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნული ინტერვიუ ბელარუსის პრეზიდენტმა რუსულ ტელეკომპანია „რასია 1”-თან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩაწერა.

„მე მაქვს ზელენსკისთვის სათქმელი. ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩავერთოთ კონსულტაციებში. სპეციალური საომარი ოპერაციის დასაწყისში (ასე უწოდებენ რუსეთის ხელისუფლება და პროკრემლისური მედია უკრაინაში ომს.) ვამბობთ, რომ ჩვენ, სამმა სლავურმა სახელმწიფომ, უნდა დავასრულოთ და შევრიგდეთ. უნდა შევთანხმდეთ ამ გაუგებარი ომის დასრულებაზე. თუ ვერ შევთანხმდებით, ეს ყველასთვის ცუდი იქნება“,  – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, „მაგიდაზე კარგი წინადადება დევს“, რომელიც ალასკაზე მოისმინა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვაშინგტონში წაიღო, რათა „იფიქროს და განიხილოს“.

„ეს ძალიან კარგი წინადადებაა“, – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისივე მტკიცებით, საქმე ეხება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ხელსაყრელ პირობებს, რომლებიც „საერთო ჯამში ამერიკელებმაც მოიწონეს“.

ვაშინგტონში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში ომი 2022 წელს უნდა შეჩერებულიყო.

„მთელი აღმოსავლეთი უკრაინას დარჩებოდა, ყირიმის გარდა. არა, არ შეჩერდნენ, აღმოსავლეთი დაკარგეს. ახლა თუ არ შეჩერდებიან, ჩემი აზრით, ისინი მთელ უკრაინას დაკარგავენ“, – თქვა ბელარუსის ლიდერმა.