სლოვენია მელანია ტრამპის ბოლოს გაუჩინარებული ქანდაკების საქმეს იძიებს

მის მშობლიურ სლოვენიაში დადგმული, ხისგან დამზადებული მელანია ტრამპის პირველი ქანდაკება ცეცხლმა გაანადგურა, ახლა კი მისი შემცვლელი ბრინჯაოს სკულპტურა გაქრა, რის გამოც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. აშშ-ს პირველი ლედის ზომის ბრინჯაოს სკულპტურა 2020 წელს, მისი მშობლიური ქალაქის, სევნიცას მახლობლად, მინდორში, ხის კუნძზე მას შემდეგ აღმართეს, რაც წინა, ხისგან დამზადებული ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა. პოლიციისა და ბრინჯაოს სკულპტურის შემქმნელის, ამერიკელი კონცეპტუალური მხატვრის, ბრედ დოუნის თქმით, ქანდაკება კოჭებთან გადაჭრეს და ოთხთვლიანი ეტლით წაიღეს. „ქურდობის შესახებ 13 მაისს შეგვატყობინეს. პოლიციის თანამშრომლები დანაშაულის ადგილზე მაშინვე მივიდნენ და გამოძიება დაიწყეს“, - განუცხადა 15 მაისს სააგენტო „ფრანს პრესს“ პოლიციის სპიკერმა, ალენკა დრენიკ რანგუსმა.

დოუნი ამბობს, რომ ქურდობის შესახებ გერმანიაში ახალ პროექტზე მუშაობისას შეიტყო და ცოტათი დამწუხრებულია, რომ მისი ქმნილება დაიკარგა. „ჩემი აზრით, ეს რაღაცნაირად დონალდ ტრამპის ახალი ვადით არჩევას უკავშირდება. თუმცა, ვინ იცის, მართლა ასეა?“, - გაურკვევლობაშია ამერიკელი სკულპტორი. მისივე თქმით, როდესაც ხის ორიგინალური ქანდაკება დაწვეს, „ეს არასწორ ქმედებად“ მიიჩნია და ამიტომ, მისი ბრინჯაოს ასლით ჩანაცვლება გადაწყვიტა. ორიგინალი ქანდაკება კი, რომელსაც ცისფერი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა, ადგილობრივმა მხატვარმა, ალეს ზუპევცმა ჯაჭვური ხერხით ხისგან გამოკვეთა.

ბრინჯაოს ქანდაკება სევნიცასთან ახლოს, კერძო ტერიტორიაზე, მინდორში, მაშინ განთავსდა, როდესაც დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადა იწურებოდა და ის ხელახლა არჩევისთვის იბრძოდა. მელანიას გამოჩენამ თეთრ სახლში გააჩინა იმედი, რომ ერთ დღესაც ის თავის სამშობლოს ეწვეოდა, რაც ჯერ არ მომხდარა. მელანიამ ორმილიონიანი მშობლიური სლოვენია მაშინ დატოვა, როდესაც ის ჯერ კიდევ კომუნისტური იუგოსლავიის ნაწილი იყო. დედაქალაქ ლიუბლიანიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 90 კილომეტრში (60 მილი) მდებარე სევნიცაში, მისი შთაგონებით, მრავალი პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის - ნამცხვრები და შოკოლადები, რომლებიც მის სახელს ატარებენ.

წყარო: 1tv.ge