მუსიკალური სტრიმინგ-სერვისის შვედურმა კომპანია Spotify-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 23 აპრილს გაავრცელა.

Spotify რეკორდულ მოგებაზე დაახლოებით ერთი წლის, ხარჯების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ გავიდა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი კადრების გათავისუფლება იყო. აღსანიშნავია, რომ შემოსავლებისა და მოგების გასაზრდელად Spotify-ის მსგავსი გადაწყვეტილება არაერთმა კომპანიამ მიიღო.

რაც შეეხება კომპანიის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგებს, მაჩვენებლებმა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა. მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში Spotify-ის მოგებამ აქციაზე 97 ევრო ცენტი შეადგინა, როცა ანალიტიკოსები 65 ევრო ცენტს პროგნოზირებდნენ.

გარდა ამისა, კომპანიის შემოსავალმა 3.64 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც ნავარაუდებ 3.61 მილიარდ ევროს აჭარბებს.