უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანია "ნაფტოგაზსა" და ,,SOCAR Energy Ukraine“-ს (აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობის კომპანიის SOCAR-ის შვილობილი კომპანია) შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ითვალისწინებს მცირე რაოდენობის გაზის სატესტო მიწოდებას. გაზი პირველად შევა უკრაინაში ტრანსბალკანური მარშრუტით ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიის გავლით. გარიგების სხვა დეტალები ჯერ უცნობია. გასულ კვირას უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანია "ნაფტოგაზმა" ბუნებრივი აირის შესაძენად 4,7 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 8,9 მილიარდი რუბლის) ოდენობის კრედიტი მიიღო.

ივლისის დასაწყისისთვის უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავებში ბუნებრივი გაზის მარაგმა 8 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა, ხოლო საცავები 25,9%-ით იყო შევსებული. ეს მაჩვენებელი 19,6%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით. მიმდინარე მარაგები ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში უკრაინამ 1,12 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რაც ათჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (118 მილიონი კუბური მეტრი). მიწოდების ძირითადი ნაწილი განხორციელდა უნგრეთიდან (დაახლოებით 60%), სლოვაკეთიდან (23%) და პოლონეთიდან (17%). "ნაფტოგაზში“ გაზის იმპორტის ზრდის მთავარ მიზეზად  2024–2025 წლების გათბობის სეზონისთვის გაზის საჭიროება დაასახელეს, რომელიც სამხედრო მოქმედებების შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებამ განაპირობა.

წლის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მუშაობდა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანზიტის შესაძლებლობაზე. კიევმა არ გაახანგრძლივა კონტრაქტი „გაზპრომთან“, რის გამოც რუსეთის გაზის ტრანზიტი 1 იანვრიდან შეწყდა.