პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ ფრანგმა პარტნიორებმა საქართველოში ფრენჩაიზის შემოტანის პროექტი გააჩერეს. როგორც კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა, უცხოელმა პარტნიორებმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობისა და რეგიონში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით მიიღეს. საკითხზე მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა, თუმცა ფრანგული ბრენდის დაკონკრეტებისგან, რომლის ფრენჩაიზის შემოტანაც იგეგმება, თავი შეიკავა.

"დღეს ქვეყანაში არსებული მოცემულობა არასტაბილურობის განცდას აჩენს“, - აცხადებს ბიზნესმენი და განმარტავს, რომ ყოფილი ბიზნესმენების, ახლა ოპოზიციონერი ლიდერების 8 თვით ციხეში ჩასმა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნეგატიური გზავნილია. ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად და კომპანიის წინა წლის შედეგების გათვალისწინებით „ემსიბი ჯორჯია“, რომელიც ბაზარზე პურ-ფუნთუშეულს „მადამ დე“-ს ბრენდით ყიდის განვითარებას აგრძელებს, თუმცა მათი უცხოელი პარტნიორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ.

„ჩვენც გვაქვს პროექტები და ახალი წარმოების მშენებლობა დავიწყეთ. გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ინვესტირება და დავიწყეთ მშენებლობა. მაგრამ ამ ბოლო პერიოდის რყევებმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, განწყობებმა, პარტნიორები დააფიქრა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ფრანგულ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გარკვეული, ძალიან საინტერესო ფრენჩაიზის შემოტანაზე, მათ ეს პროექტი გააჩერეს. პირდაპირ შემოგვითვალეს, რომ თქვენთან არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა ხანი შევჩერდეთ და თავი შევიკავოთო. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. მუდმივ კონტაქტზე ვართ და ელოდებიან სტაბილურობას. ამ სიტუაციაში ძალიან რთულია რაიმე სტაბილურობაზე საუბარი. შესაბამისად, ჩემი ფრანგი პარტნიორები შეჩერდნენ და ერთი კარგი პროექტი შეჩერებული მაქვს. ასეთი პროექტები ყველას აქვს, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურია, პროექტები აქვს და ბიზნესოპერირების 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ სტაბილური მდგომარეობა გვაქვს“, - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი და განმარტავს, რომ ახალი პროექტების დასაწყებად ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებსაც ითვალისწინებს, რომელიც შიდა ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციასთან და უხარისხო საქონლის იმპორტთან არის დაკავშირებული.

ბიზნესმენი პირველ კვარტალში შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფასებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე წარმოუდგენელია.

„ბიზნესი ადამიანის ცხოვრების ძალიან მგრძნობიარე სფეროა. ადამიანები სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორ განკარგონ მატერიალური სახსრები და არავითარ შემთხვევაში ბიზნესი არ შევა არც საქართველოში და არც სხვაგან, ისეთ გარემოში, სადაც გარკვეული არ არის როგორ ინსტიტუციონალურ გარემოში შემოდის... რა სტაბილურობის განცდა ექმნება როდესაც ამ ეკონომიკაში საკუთარი სახსრების დაბანდების გადაწყვეტილებას იღებს. სტაბილურობის განცდა თუ არ იქნა, აქ რაიმე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტია.

ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში არსებული შიდა ვითარების გარდა, ქვეყნის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩრდილოეთით რუსეთ-უკრაინის ომი, სამხრეთით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და ეს რეალობა, რაც ინვესტიციების შემცირებაზე გავლენას ახდენს. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს იმ სამწუხარო რეალობას, რასაც ინვესტიციების შემცირება ჰქვია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე ამ ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას მოჰყვება ცოდნა, საქმის სწორად კეთების გამოცდილება, რომელიც ჯერ კიდევ გვჭირდება. ამის გარეშე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ განვითარებას მოვახერხებთ“, - განმარტავს ალექსანდრე რატიშვილი.

bm.ge