„ზღვის ფსკერზე დაძველებულ ღვინოს თავისებური, სულ სხვანაირად კარგი გემო აქვს“ - "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა პირველი წყალქვეშა მუზეუმის შესახებ ისაუბრა, რომლის გახსნაც ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველებას, 2020 წელს მეგობართან ერთად დაიწყო. მისი თქმით, ზოგადად, მსოფლიოში ეს იდეა ჩაძირულ გემებზე ნაპოვნი სასმელიდან წარმოიშვა, რომელიც გამორჩეულად გემრიელი იყო ხოლმე.

„ყოფილა შემთხვევები, რომ წითელ ზღვაში ჩაძირული გემიდან ამოტანილი ასეთი ღვინო 5 ათას დოლარად გაყიდულა აუქციონზე, შესაბამისად, ღვინის წყალში დაძველების იდეა აქედან წამოვიდა.

მე და ჩემი მეგობარი თავდაპირველად ამფორების მიმართულებით ვმუშაობდით და საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა. დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით, თუმცა ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს ტერიტორია, რათა ჩვენი კონტეინერები დაცული იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე, სადაც კონტეინერები განთავსდება, დაბალი ტემპერატურა იყოს, რამდენიმე ასეთი ადგილი ფსკერზე ნანახი მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიე იმას, რომ ზღვაში ადგილი გამოგვიყონ“, - აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის დეპარტამენტისგან, ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელსაც არაერთხელ მიმართეს თხოვნით, გამოუყონ ადგილი ზღვაში, პასუხი ვერ მიიღო.

„თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს ღვინის მარანი და მუზეუმი, ეს უნდა იყოს საქართველო. ღვინო ჩვენი სიმბოლოა - ყველა ასპექტია ამისთვის. დიდი იმედით ველოდები ზაფხულს, ერთ-ერთმა ევროულმა ქვეყანამ უნდა გამოიკვლიოს ჩვენი სანაპირო და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჩვენ გავაკეთებთ ღვინის პირველ წყალქვეშა მუზეუმს“, - განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

პროექტის ავტორი აცხადებს, რომ გლობალურმა დათბობამ მათ საქმიანობასაც შეუშალა ხელი, რადგან ზღვის ტემპერატურამ მოიმატა.

„25-27 გრადუსამდე აიწია წყლის ტემპერატურამ, რაც ღვინისთვის ცუდია. შესაბამისად, მეტ სიღრმეებზე გვიწევს გადასვლა, რაც ტექნიკურად ძალიან რთულია ჩვენს პირობებში“ - ამბობს დავით ნიკოლეიშვილი.

bpn.ge