თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობის აუქციონი შეწყდა. 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე ყიდდა.

აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარი იყო. აუქციონზე ქონების ყიდვას ოთხი მომხმარებელი ცდილობდა, ბიჯების რაოდენობამ კი 136 შეადგინა, საბოლოოდ ფასი 9 313 000 ლარი გახდა, თუმცა აუქციონი განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე შეწყვეტილია.

„ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, - ნათქვამია აუქციონის პირობებში.

გარდა ამისა, ქონების საპრივატიზებო პირობად განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 4 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.