საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე აცხადებს, რომ თურქეთი ვაჭრობაში ნაწილობრივ საქართველომ უნდა შეცვალოს.
მისივე თქმით, საქართველო-ისრაელს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით ახლა, როცა ისრაელში თურქეთთან პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ექსპორტი შემცირდა:
„როგორც კი თურქეთიდან პოლიტიკური პრობლემები გამო $10 მილიარდის ექსპორტი შეწყდა, იქვე ჩავერთეთ და ისრაელში ეკონომიკის კომიტეტის წევრებთან აქტიურობა დავიწყეთ.
საქართველომ თურქეთი ნაწილობრივ უნდა შეცვალოს - ესაა რეალური მიზანი. მჯერა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ეს შეუძლია და მინისტრებს შორის შეთანხმება ხელს უწყობს ამას. ჩვენ ასევე დავიწყეთ ქართული კომპანიებისთვის ქოშერის სერტიფიკატის მიღებაში ხელშეწყობა. ლაპარაკია ღვინოზე, ჩაიზე, თხილსა და სხვა პროდუქციაზე, რაც გააძლიერებს ექსპორტს ისრაელში“, - განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში, თურქეთმა ისრაელური გემებისთვის თურქული პორტების გამოყენება შეზღუდა და ისრაელური ხომალდებისთვის საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტა. ამასთან, ყველა სამგზავრო თუ სატვირთო გემს, რომელიც თურქულ პორტში შევა, მოუწევს სერტიფიკატის წარდგენა და დამტკიცება, რომ ისრაელთან არავითარ კავშირში არ აქვს. შედეგად თურქეთსა და ისრაელს შორის ეკონომიკური კავშირები ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა.
„ბიზნესმიზნების მიღწევას დროული და გადამწყვეტი მოქმედება სჭირდება. როდესაც ისრაელთან ვაჭრობაში თურქეთი ამოვარდა, იქვე უნდა შეკრებილიყო ეკონომიკური ჯგუფი საქართველოდან და პირველი დავალება უნდა ყოფილიყო $100 მლნ-ის, შემდეგ $200 მლნ-ის და 5 წელიწადში 500 მილიონი დოლარის ექსპორტი ისრაელში“, - დასძინა იციკ მოშემ.
ცნობისთვის, ბოლო წლებია საქართველოდან ისრაელში ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ისრაელში ექსპორტმა 32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 22,7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივლისში - 13,5 მლნ აშშ დოლარი.
წელს მთავარი საექსპორტო საქონელი სასუქები (2,9 მლნ აშშ დოლარი), თხილი და კაკალი (2,8 მლნ აშშ დოლარი) და ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატებია (2,1 მლნ აშშ დოლარი).