ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის მარინა სახვაძის თქმით, ექთნებისთვის ახალი პასუხისმგებლობების შემოღება იგეგმება. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა, შესაბამისი დოკუმენტის მომზადებაზე დარგობრივმა ასოციაციებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავეს და ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს შესაბამისი რეგულაცია, რომელსაც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ.
“ექთნებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მათ დაევალებათ დოკუმენტაციის შევსება პაციენტის ისტორიებთან დაკავშირებით, როგორც ამას ექიმები ავსებენ. პასუხისმგებლობას რომ უზრდი ადამიანს, ეს ხელფასზეც უნდა აისახოს, ალბათ.
გარდა ამისა, ახალი კანონმდებლობით უნდა გაიმიჯნოს საექთნო სპეციალისტები, ექთანი მომვლელის როლს რომ ასრულებს, არ შეიძლება. ასევე, ექთანს, რომელიც დოკუმენტაციაზე იმუშავებს, არ შეიძლება დაევალოს პაციენტის მოვლა. ახლა კი, დეფიციტის გამო, ექთანს უწევს მომვლელის ფუნქციების შეთავსებაც, მაგრამ კანონში მკაცრად იქნება ეს განსაზღვრული.
ამაზე იყო უამრავი შეხვედრა, განვიხილეთ საკითხები და საბოლოო ეტაპი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი ბრძანება გამოსცეს.
შესაბამისი დოკუმენტის პროექტში ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც დევს. მოგეხსენებათ, კლინიკების აკრედიტაციის პროცესში მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმდენად დიდი იყო, რომ ამან მოგვცა [ბიძგი], რომ ეს ცვლილება უნდა დაწყებული საექთნო მიმართულებით”, - განაცხადა მარინა სახვაძემ.
მისივე თქმით, რამდენად აჰყვება მოსალოდნელ რეგულაციებს ქვეყანაში არსებული ექთნების საშტატო რაოდენობა, ეს ცალკე განსახილველი საკითხია, ვინაიდან ქვეყანაში ექთნების დეფიციტი კვლავ პრობლემაა. მარინა სახვაძე ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციის შედეგად, კლინიკები შტატის დამატების გამოწვევის წინაშე დადგებიან, რაც ფინანსური წნეხიც იქნება მათთვის, მაგრამ მსგავსმა რეგულაციამ, შესაძლოა, ექთნის პროფესია უფრო პრესტიჟული გახადოს.
“იმდენად უჭირთ ექთნების თემა, რომ არა მგონია რომელიმე კლინიკამ ამაში თანხა დაზოგოს. გამართულ კლინიკას ყოველთვის ურჩევნია ამაში თანხის ჩადება. ზოგადად, სექტორი მივიდა უკვე იქამდე, რომ სხვანაირად ვერ მუშაობენ”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საქართველოში ექთნების პროფესია კვლავ არ არის მიმზიდველი.
“ახალი რეგულაცია რომ ამოქმედდება, გაიმიჯნება სპეციალობები მომვლელის და საექთნო არ აირევა ერთმანეთში, ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ ექთნის პროფესია პრესტიჟული გახდეს. თავისთავად ხელფასიც უნდა ჰქონდეს, რომ ყოველდღიური მოთხოვნები დაიკმაყოფილოს. კი მოიმატა ექთნის საშუალო ხელფასმა 700 ლარამდე, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ხელფასი, რაც ადამიანს შეიძლება ცხოვრებისთვის ეყოს”, - განმარტა მარინა სახვაძემ.