2025 წელს პირველად მოხდა, რომ საქართველოს, აგვისტოს თვეში ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა მაია მელიქიძემ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ნელ-ნელა ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული ხდება, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება გენერაციას მნიშვნელოვნად აღემატება.
მელიქიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში, როგორც მცირე და საშუალო მოდინებაზე მომუშავე, ასევე რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია.
„ენერგეტიკის განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას, ეს ეკონომიკური პროგრესის დაუწერელი ფორმულაა. სამწუხაროდ, ნელ-ნელა ჩვენ ვხვდებით ქვეყანა, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმპორტზეა დამოკიდებული. წელს პირველად მოხდა, რომ აგვისტოს თვეში იძულებული ვიყავით ელექტროენერგიის იმპორტი განგვეხორციელებინა, რადგან მოხმარება მნიშვნელოვნად აჭარბებს ენერგიის გენერაციას.
ამ პროცესში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, როგორც მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ჰიდროელექტრო სადგურების, ისე დამაგროვებელიანი, ანუ რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“,- აღნიშნა მაია მელიქიძემ.