„თუ ჟანგბადს ჩავუხსნით, ჩათვალეთ, ბევრ კომპანიას შეიძლება რეანიმაციამაც აღარ უშველოს“ – ეს ხატოვანი შეფასება BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის ე.წ. თეთრი სიით“ გათვალისწინებული პრეფერენციების გაუქმებაზე საუბრისას გააკეთა. მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანებაში სახელმწიფოს არგუმენტებსაც იზიარებენ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ „თეთრი სიის“ გაუქმება მყისიერად არ მოხდება და ბიზნესს, დაახლოებით, 2-წლიანი გარდამავალი პერიოდი ექნება.

საქმე ის არის, რომ დღეს მოქმედი წესის თანახმად, სახელმწიფო ტენდერების თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიები სხვადასხვა პრეფერენციებით სარგებლობენ. მათ შორის შესაბამის ონლაინ რეესტრში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტია წარუდგინონ. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიებისთვის იგივე პრეფერენცია ვრცელდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაშიც.

სამწუხაროდ, "თეთრი სიიდან" გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ ვთვლით, რომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიხსენა, რომ 2016 წელს, „თეთრი სიის“ შემოღების ინიციატივა სახელმწიფოს ეკუთვნის და მიზანი ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო.

„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „თეთრი სია“. ფაქტობრივად, სახელმწიფო ქართულ კომპანიებს, ძალიან მარტივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობდა ორ წარმატებულად დამთავრებულ პროექტს სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, 50%-იან შეღავათებს უკეთებდა წარსადგენ გარანტიებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც შესრულების, ისე საავანსო ნაწილს გულისხმობდა“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა და იქვე დასძინა, რომ ამავდროულად, კერძო სექტორში იაზრებენ, რომ არსებული ფორმით „თეთრი სია“ ვერ შენარჩუნდება.

„შესაბამისად, ეს უნდა იყოს ჯილდო იმ კომპანიების მიმართ, რომელთა მიმართ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ნაკლები რისკი არსებობს. რისკის შეფასებისას გასათვალისწინებელია კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობა. კომპანიის რისკიანობა უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს, რათა სახელმწიფოს ნაკლები რისკი ჰქონდეს; თუმცა ჩვენსა და სახელმწიფოს შორის აზრთა სხვადასხვაობა შემდეგში მდგომარეობს - ჩვენ ვამბობთ, კერძო სექტორი დღეს ფინანსურად ჯანმრთელი არაა და როცა არაჯანმრთელს [მკურნალობისთვის საჭირო] პრეპარატს [საბრუნავ კაპიტალს] მოუხსნი, რომელიც მას პროექტების შესრულებაში ეხმარება, ვფიქრობ, ეს კომპანიებს კიდევ უფრო დაასუსტებს. ამდენად, მიმაჩნია, რომ [ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიების] სექტორში ლიკვიდურობის რისკი შეიქმნება“, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

ვრცლად bm.ge - ზე