ეკონომისტი პაატა ბაირახტარი 2022-2024  წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონის ევროს გათეთრების ფაქტს გამოეხმაურა. 

აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ფინანსური დანაშაული იმ დროს გამოაშკარავდა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუნდობელ ომს უცხადებს კორუფციას და ამ მოტივით საკუთარ თანაგუნდელებსაც სჯის.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას.

პაატა ბაირახტარის შეფასებით, ეროვნული ბანკის განცხადება, თითქოს სავალუტო ჯიხურებს აკონტროლებენ, მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან რეალურად სისტემამ მნიშვნელოვანი თანხის გათეთრების აღკვეთა ვერ უზრუნველყო.

,,ზოგადად, იქ, სადაც სისტემა ეფექტიანად კონტროლდება, 2 მილიარდ ლარს ვერ ათეთრებენ ხოლმე. რაც შეეხება ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ სავალუტო ჯიხურებს აკონტროლებენ, ეს განცხადება უბრალოდ იმისთვის გაკეთდა, რომ განცხადება გაკეთებულიყო. აღნიშნული სქემის გაშიფვრის შემთხვევაში, უნდა დადგეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი და მხოლოდ პრეზიდენტს არ ვგულისხმობ, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს სებ-ის კონკრეტული დეპარტამენტის წევრებისაც იერარქიულ დონეზე. შეგვიძლია სხვადასხვა მაკონტროლებლები განვიხილოთ, რომელთაც აღნიშნული სქემის გაშიფვრა ევალებოდათ, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი ორგანი ცხადია, რომ სწორედ ეროვნული ბანკია; ეს სქემა სწორედ მას გამოეპარა. არ მგონია, რომ მსგავსი მასშტაბის სქემები ასე იპარებოდეს. ჩვენ ვსაუბრობთ 2 მილიარდ ლარზე, 100-ლარიანი კუპიურებით რომ დავალაგოთ 20 ტონა ფულია. 20 ტონა ფული ერთმა ადამიანმა ისე გაათეთრა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო; ვერც სუს-მა და ვერც ეროვნულმა ბანკმა? ეს უბრალოდ არასერიოზული და სასაცილოა",- აღნიშნა ბაირახტარმა "კომერსანტთან" ინტერვიუში.