გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სტეფანწმინდის შემოვლითი გზის პროექტი დაახარვეზა.

პროექტი შესაბამისი გზშ ნებართვის მისაღებად დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარედგინა და ის ამ დრომდე საჯარო განხილვის ეტაპზეა. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ხარვეზი უკავშირდება გზის მშენებლობით გამოწვეული ნაყარი მასალების მდინარე თერგის ნაპირთან განთავსების საკითხს.

წერილის თანახმად, ნაყარი ინერტული მასალის არეალი მხოლოდ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული მდინარისგან და მის დაცვის ზონაში ექცევა, შესაბამისად აუცილებელია მისი გადატანა მოხდეს. პროექტის შეცვლისთის გზების დეპარტამენტს ორ თვიანი ვადა მიეცა.

პროექტის თანახმად, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის სიგრძე 4.1 კილომეტრს შეადგენს და ის ჩრდილოეთით სტეფანწმინდა ლარსის ახალ 4.5-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს დაუკავშირდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება.

"გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმებით დგინდება, რომ სანაყაროების განთავსება დაგეგმილია მდ. თერგის წყალდაცვით ზოლში (მდინარემდე უახლოესი მანძილი - 5 მეტრი). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს კანონმდებლობით წყლის ობიექტებისთვის განსაზღვრულია წყალდაცვითი ზოლები და დადგენილია აღნიშნულ ზოლებში საქმიანობის განხორციელების შესაბამისი რეჟიმი და აკრძალვები. კერძოდ, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი) და საქართველოს მთავრობის 31/12/2013 წ. №440 დადგენილებით დამტკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი) მიხედვით, წყალდაცვით ზოლში აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ნარჩენების შენახვა, დაგროვება და განთავსება. კანონმდებლობის მიხედვით, წყალდაცვით ზოლში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოხსენებული კანონით და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წყალდაცვითი ზოლის გავრცელების პირობები, დადგენილი აკრძალვები და სპეციალური მოთხოვნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სანაყაროების განთავსების ტერიტორიები საჭიროებს კორექტირებას,"- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის წერილში.

წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა სოფელ ფანშეტთან დაიწყება და სოფელ გერგეტის ჩრდილოეთით, მდინარე ჩხრესთან დასრულდება. გზის მოქმედი მონაკვეთი უშუალოდ სტეფანწმინდას კვეთს, ახალი გზა კი მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროსთან გადაინაცვლებს, ხოლო სოფელ გერგეტის მიმდებარედ ესტაკადაზე გადაინაცვლებს, რომლის სიგრძეც 736 მეტრი იქნება.

ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, რაც პროექტთან დაკავშირებით გზშ ანგარიში დამტკიცდება, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება.

გზის პარამეტრები ასეთია:

  • საპროექტო სიჩქარე - 80 კმ/სთ;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ.

4.13-კილომეტრიანი გზა სამი ხიდის/ესტაკადის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა სიგრძეც 269; 736 და 106 მეტრი იქნება.

გზის პროექტი:

რაც შეეხება სტეფანწმინდა ლარის 4.5-კილომეტრიან ახალ საგზაო მონაკვეთს, მასზე 212 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო კონტრაქტი 2024 წლის ოქტომბერში, ჩინურ სახელმწიფო კომპანია China Railway Tunnel Group Co-სთან გაფორმდა.

bm.ge