2018 წელს დაწყებული სამართლებრივი დავა და სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება შესაძლოა პრეცედენტულად ჩაითვალოს. საქმე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხის გამო დაზიანებულ ავტომობილს ეხება. წლების განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დაზარალებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა. თბილისის მერიის საბურთალოს გამგეობას კი მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. საქმეში სადაზღვევო კომპანიის ინტერესებს ადვოკატი ნინო ლიპარტია იცავდა. ის ,,კომერსანტთან“ 2018 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს.
,,ჩვენი დაზღვეული იყო ავტომობილი, რომელიც საღამო საათებში მიდიოდა ბუდაპეშტის ქუჩაზე. მძღოლი შუქნიშანზე იდგა. ამ დროს იყო შტორმული ქარი, 18 მეტრი წამში. ამ დროს წაიქცა ხე და დაეცა ავტომობილის წინა ნაწილს. დაეცა ძრავას, მთლიანად ჩაამსხვრია წინა მინა და მოწყვიტა ძრავი. ძალიან დააზიანა ავტომობილი. ხე რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა მძღოლსა და მგზავრს. სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა ეს შემთხვევა, თუმცა შემდეგ ჩვენ წავედით სასამართლოში და დავიწყეთ დავა საბურთალოს მუნიციპალიტეტისა და მერიის წინააღმდეგ.’’- აცხადებს ნინო ლიპარტია.
შემთხვევის ადგილზე მისულ სადაზღვევო აგენტებს მცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ ხე დაზიანებული იყო და მისი მოჭრის მოთხოვნით მათ საბურთალოს გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
,,როდესაც სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების მიზნით სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე, კორპუსის მოსახლეობამ, სადაც ხე წაიქცა, რამდენიმე ქალბატონმა თქვა, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გამგეობასო, რომ მოეჭრათ ეს ხეო. რადგან რამდენჯერმე წაიქცა და ეზოში ბავშვები თამაშობენ და მათთვის საფრთხის შემცველი შეიძლება ყოფილიყოო. რეაგირება არ ჰქონიათ. შემდეგ მე მივმართე საბურთალოს გამგეობას, გამოვითხოვე ამ ქალბატონის განცხადება. ნამდვილად იყო მიმართული, მაგრამ ეს რეაგირების გარეშე დარჩა. ამის შემდგომ წავედით სასამართლოში.’’- აცხადებს ნინო ლიპარტია.
დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საბურთალოს გამგეობამ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა, რის შედეგადაც დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა. ადვოკატი ნინო ლიპარტია აცხადებს, რომ მათ სასამართლოს ორი დასკვნა წარუდგინეს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ხე ნამდვილად დაზიანებული იყო და მოჭრას საჭიროებდა.
,,წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა. ერთი იყო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. მეორე კი სპეციალისტის გამოკითხვის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს ხე იყო კოროზიული, დამპალი და დაჭიანებული. რომლის მოვლის ვალდებულებაც ჰქონდა მუნიციპალიტეტს. მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ წერილობით მიმართეს მცხოვრებლებმა. მათ ევალებოდათ ამ ხის აღრიცხვა და გადაბელვა, მოვლა. ვერ დადასტურდა, რომ მათ ეს გააკეთეს. ამასთანავე, ისინი ამბობდნენ, რომ როგორც კი წერილობით მიმართა სამეზობლომ, მათი წარმომადგენლები გავიდნენ ადგილზე და დაათვალიერეს ტერიტორია. მათი თქმით, მათ არ მიიჩნიეს, რომ ეს ხე იყო მოსაჭრელი ან გადასაბელი. ვერ მიიჩნიეს - ეს რელევანტურად არ ჩაითვალა და სამივე ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკისრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და საბურთალოს გამგეობას მიყენებული ზიანის ანაზღაურება.’’- აცხადებს ნინო ლიპარტია.
ზარალის ოდენობა სადაზღვევო ექსპერტიზამ დაადგინა. სწორედ მათ მიერ დადგენილი თანხის ანაზღაურება დაევალა საბურთალოს გამგეობას.
ეს სასამართლოს მიერ მუნიციპალიტეტის გამტყუნების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ნინო ლიპარტია კიდევ ერთ საქმეზე იცავს დაზარალებულის ინტერესებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე უკვე განიხილა და მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ძლიერი სეტყვისგან თავის დასაცავად მძღოლმა ავტომობილი მიწისქვეშა პარკინგზე ჩაიყვანა, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად წყალარინების სისტემა გაიჭედა და მან ძლიერი ნალექის გატარება ვერ შეძლო. შედეგად ადიდებულმა წყალმა ავტომობილი დაფარა და გააფუჭა. ადვოკატი ნინო ლიპარტია აცხადებს, რომ ავტომობილი წყალმა სრულად დაფარა, რის გამოც ძვირად ღირებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება ვეღარ მოხერხდა. საქმეზე დავა დაზარალებულმა პირველ ინსტანციაში მოიგო და აქაც პასუხისმგებლობა თბილისის მუნიციპალიტეტს დაეკისრა. ნინო ლიპარტია ელის, რომ მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.