შეიძლება არსებობდეს 90-პროცენტიანი შანსი იმისა, რომ მომდევნო ათწლეულში ასტრონომებმა შენიშნონ ღრმა კოსმოსური აფეთქება, რომელიც დაადასტურებს რამდენიმე დიდი ხნის თეორიას შავ ხვრელთა შესახებ და გამოყოფს ყველა არსებულ ნაწილაკს, ჩვენთვის ცნობილებს თუ უცნობებს.

ამის შესახებ იუწყება მასაჩუსეტს-ამერსტის უნივერსიტეტის ფიზიკოსთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც გვთავაზობს, რომ ეს აფეთქებები წარმოადგენს სამყაროს გარიჟრაჟის პერიოდიდან შემორჩენილ ციცქნა შავ ხვრელთა სიკვდილს.

დიდი ხანია მიიჩნეოდა, რომ ეს მოვლენები უკიდურესად იშვიათი უნდა იყოს და პოტენციურად დაკვირვებადი აფეთქება ყოველ 100 000 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს. თუმცა, ახალი ანალიზების მიხედვით, ისინი გაცილებით მეტად გავრცელებულია და პოტენციურად ხილვადი აფეთქება ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხდება.

როცა ეს მოხდება, ჩვენმა ამჟამინდელმა ტელესკოპებმა მათი დაფიქსირება უნდა შეძლონ. ერთის პოვნაც კი უდიდესი მიღწევა იქნება ასტროფიზიკაში რამდენიმე მიზეზის გამო: ისტორიაში პირველად დაადასტურებს ამ ტიპის შავ ხვრელთა არსებობას, ასევე გამოავლენს მექანიზმს, რომლითაც შავი ხვრელები კვდებიან.

კიდევ უფრო ამაღელვებელი კი ისაა, რომ ასეთმა აფეთქებამ უნდა გამოყოს ყველა სახის არსებული ფუნდამენტური ნაწილაკი. მათ შორის იქნება ჩვენთვის ცნობილები, მათ შორის ელექტრონები და ნეიტრონები, მაგრამ ასევე „ცნობილი უცნობები“ — რომელთა არსებობასაც ვეჭვობთ, მაგრამ ჯერ არ გვიპოვია, მაგალითად, ბნელი მატერია.

სხვათა შორის, ყველაზე დამაინტრიგებელი სწორედ „ცნობილი უცნობები“ იქნება — ნაწილაკები, რომელთა აღმოჩენაზე ჯერ ვერც კი ვოცნებობთ.

„ასევე მივიღებდით ზუსტ ჩანაწერს ყველა იმ ნაწილაკისა, რომელთაგანაც შედგება სამყარო. ეს იქნება სრული რევოლუცია ფიზიკაში და ხელახლა დაიწერება სამყაროს ისტორია“, — ამბობს მასაჩუსეტს-ამერსტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჟოაკიმ იგუას ჟუანი.

ამ აფეთქებათა კონცეფცია პირველად ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა შემოგვთავაზა 1974 წელს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელები ყველაფერს შთანთქავენ, რაც მათთან ზედმეტად ახლოს მივა, ჰოკინგმა გამოთვალა, რომ კვანტური ეფექტების გამო, სინამდვილეში ისინი ნაწილაკებსაც უნდა გამოყოფდნენ.

ამ ფენომენს „ჰოკინგის რადიაცია“ ეწოდება და დროთა განმავლობაში უნდა ამცირებდეს შავი ხვრელის მასას, იქამდე, ვიდრე ის სრულად არ აორთქლდება. ეს რადიაცია იმდენად სუსტია, რომ დაფიქსირება შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ შესაძლებელი უნდა იყოს საბოლოო სასიკვდილო „კრუნჩხვის“ — სუპერნოვას მსგავსი აფეთქების დაფიქსირება.

ეს პროცესი ძალიან ნელა უნდა ხდებოდეს და შესაბამისად, ვარსკვლავური მასის შავ ხვრელთა სიკვდილი ძლიერ შორეულ მომავალში უნდა მოხდეს. კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლებენ სუპერმასიური შავი ხვრელები. თუმცა, ასევე უნდა არსებობდეს კიდევ ერთი, გაცილებით პატარა შავი ხვრელების კლასი, გაცილებით ხანმოკლე სიცოცხლით.

მიჩნეულია, რომ პირველყოფილ შავ ხვრელებს ასტეროიდთა მასშტაბის მასა უნდა ჰქონდეთ და არა მზის. ვარაუდობენ, რომ ისინი დიდი აფეთქების შემდეგ პირველივე წამებში წარმოიშვნენ და სწორედ ამიტომ უწოდებენ „პირველყოფილსაც“.

„რაც უფრო მსუბუქია შავი ხვრელი, მით უფრო მსუბუქი უნდა იყოს და მეტ ნაწილაკსაც გამოყოფდეს. აორთქლებასთან ერთად, პირველყოფილი შავი ხვრელები უფრო მსუბუქდებიან, ცხელდებიან და უფრო მეტ რადიაციას გამოყოფენ შეუჩერებელ პროცესში იქამდე, ვიდრე არ აფეთქდებიან“, — ამბობს მასაჩუსეტს-ამერსტის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ანდრეა თამი.

ვრცლად პირველ არხზე