ევროკავშირი კვლავ გეგმავს აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას 9 ივლისამდე - მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის "კარგი მიმოცვლა" შედგა, იუწყება კომისიის პრესმდივანი 7 ივლისს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია არის თუ არა არსობრივი გარღვევა მოლაპარაკებაში, რომელმაც უნდა შეაჩეროს აშშ-ის მხრიდან გადასახადების მკვეთრი მომატება მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის.
ამჟამად ბევრი ქვეყანა უახლოვდება აშშ-ისთან ხელშეკრულებების გაფორმებისთვის დაწესებულ ვადას - მას მერე, რაც ტრამპმა გლობალურ საგადასახადო რყევებს მისცა ბიძგი, და საფინანსო ბაზრებზე დიდი მღელვარება გამოიწვია.
კვირას, 6 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ახლოსაა რამდენიმე სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებასთან, და რომ სხვა ქვეყნები 9 ივლისს მიიღებენ ინფორმაციას გადასახადების ზრდის თაობაზე. ტრამპის თქმით, ახალი გადასახადები ძალაში 1 აგვისტოს შევა.
ამასთან, ტრამპმა მიზანში ამოიღო BRICS-ის ჯგუფში გაერთიანებული, განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები - მაშინ, როცა ამ ქვეყნების ლიდერები ბრაზილიაში იკრიბებოდნენ - და განაცხადა, რომ გადასახადებს კიდევ 10 პროცენტით გაუზრდის ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც "ანტიამერიკულ" პოლიტიკას გაიზიარებს.
BRICS-ი მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ასევე უფრო ახლახან გაწევრიანებულ ქვეყნებს - ეგვიპტეს, ეთიოპიას, ინდონეზიას, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
საგანგებო ხელშეკრულებების გარეშე, აშშ-ის მხრიდან იმპორტის უდიდესი ნაწილისთვის ფართოდ დაწესებული გადასახადები ამჟამინდელი 10 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაიზრდება - ტრამპის მიერ 2 აპრილს გაკეთებული განცხადების შესაბამისად.