სააგენტო Reuters-ის თანახმად, პალესტინურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა - რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული - პარასკევს დადებითი პასუხი გასცა აშშ-ის წინადადებას ღაზაში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა "დაუყოვნებლივ" დაიწყოს მოლაპარაკება, რომელიც მიემართება მძევლების გათავისუფლებას და ომის დასრულების პირობებს.

Reuters-ის თანახმად, ჰამასი აცხადებს, რომ დაასრულა პირველი კონსულტაციები და განხილვები პალესტინელთა ფრაქციებთან და მზადაა სრულად და სერიოზულად ჩაერთოს მოლაპარაკებაში.

იუწყებიან, რომ ჰამასი ეგვიპტისგან, კატარისგან და აშშ-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ 60-დღიანი ზავის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება და არ განახლდება საომარი მოქმედებები. ისრაელის გამოცემა Ynet-ს წყარომ აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეთანხმებას 7 ივლისს გამოაცხადებენ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

ჯანდაცვის ადგილობრივი მესვეურების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელს თავდასხმებს ღაზაში ემსხვერპლა სულ მცირე 138 პალესტინელი.

  • 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, იმსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად იქნა აყვანილი.
  • პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ემსხვერპლა 57 000-ზე მეტი ადამიანი, მოჰყვა ჰუმანიტარული კატასტროფა და ნგრევა.
  • საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.

radiotavisupleba.ge