დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ელექტრო სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამონაკლისის დაშვებას და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, მათი ინიციატივაა, რომ სრულად ელექტრო დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დილის და საღამოს საათებში გადაადგილება დაშვებული იყოს.

ლაშა რიჟამაძის თქმით, დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე რეგულაციების დაწესებამ კომპანიებს ხარჯები გაუზარდა, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასშიც აისახება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ შესაბამის ინიციატივას თბილისის მერიის წარმომადგენლებს უახლოეს ხანებში გააცნობენ.

“მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების დილის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდა. საღამოს ისედაც შეზღუდული იყო. ეს ზეგავლენას ახდენს [პროდუქციის ფასებზე]. გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გამოწერილი ჯარიმები ხუთი თვის მაჩვენებლით უკვე აჭარბებდა გასული წლის მთლიან მაჩვენებელს, გარდა ამისა, მათ შორის დამატებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენის, დამატებით ადამიანური რესურსის მობილიზების კუთხითაც წარმოიშვა ხარჯები. ეს კომპანიებმა წლის დასაწყისიდანვე გაითვალისწინეს და ასახეს პროდუქციის ფასებში. ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა კომპანიების მხრიდან სხვაგვარი სახით აენაზღაურებინათ აღნიშნული ცვლილებით გამოწვეული აუცილებლობა.

რაც შეეხება ამჟამინდელ ინიციატივას, ჩვენი წინადადებაა, რომ გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც იქნება სრულად ელექტრო ძრავაზე, მათ შეზღუდული დროის მონაკვეთში, დილის და საღამოს საათებში გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ. ეს, რა თქმა უნდა, წაახალისებს როგორც ბიზნესს, ასევე ეკოლოგიის კუთხით შესაბამისობაში იქნება დედაქალაქის მერიის პოზიციასთან და ვერ ექნება ნეგატიური ზეგავლენა საცობების მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ დედაქალაქის მერია ამ ინიციატივას დააკმაყოფილებს და შესაბამის ცვლილებას ასახავს, რაც ცალსახად დადებითი იქნება, მათ შორის პროდუქციის ფასთან მიმართებაში, რომელიც მომხმარებელს ხვდება თაროზე”, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

bm.ge