„ბიზნეს-ლოგიკით და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ლოგიკით, ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება „რუსული კანონის“ ხელახლა დაინიციირება“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.  მისი თქმით, „ამ თემის გარშემო აღარ უნდა გრძელდებოდეს დებატები, საუბრები, აღარ უნდა იყოს ჯიბრი, რომ მაინც და მაინც უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ კანონი მიუღებელია ქართველი მოსახლეობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ჩვენ მეგობრებს ვეძახით და მეგობრობას გაფრთხილება, მხარდაჭერა, აზრის გაზიარება და გათავისება სჭირდება“.

„კომერსანტი“ თემურ ჭყონიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირების და ამ კანონის საჭიროების შესახებ ესაუბრა.

ბატონო თემურ, როგორ აფასებთ ერთი წლის შემდეგ, ე.წ. რუსული კანონის კვლავ დაინიცირებას?

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი: თემა არის შემდეგი - კანონს ჰქვია „რუსული“. საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომლის სიტყვა, ჩემი აზრით, გადამწყვეტი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, კანონს „რუსული კანონი“ დაარქვა. რამდენიც არ უნდა ეცადოს პოლიტიკური ელიტა, ამ სახელის ცვლილებას, ეს შეუძლებელია. იმიტომ, რომ საზოგადოებაში და მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მას „რუსული კანონი“ ჰქვია. რუსული აგრესიიდან, დაპყრობილი ტერიტორიებიდან, ომიდან, რუსეთში არსებული აგრესიული შიდა პოლიტიკიდან, გამომდინარე ის ქვეყნები, რომლებმაც უნდა მოგვცენ ევროპის წევრობის გახდომის შესაძლებლობა, და ყველა ლიდერი და პოლიტიკური მოღვაწე ამ კანონს ეწინააღმდეგება. ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში გვეუბნება, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია. ე.ი. არავინ და არაფერი დარჩა ამ კანონის მხარდამჭერი. აქედან გამომდინარე, უკვე ამ თემის გარშემო აღარ უნდა გრძელდებოდეს დებატები, საუბრები, აღარ უნდა იყოს ჯიბრი, რომ მაინც და მაინც უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ კანონი მიუღებელია ქართველი მოსახლეობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც ჩვენ მეგობრებს ვეძახით. მეგობრობას კი გაფრთხილება, მხარდაჭერა, აზრის გაზიარება და გათავისება სჭირდება.

ევროპის წევრობა ნიშნავს იმ კანონმდებლობით ცხოვრებას, რაც ევროპაში არსებობს. რატომ ვცდილობთ ევროპაში გაწევრიანებას? რა არის ჩვენი მიზანი? მარტო ის, რომ ვიზის გარეშე ვიაროთ ევროპაში? ევროპაში გაწევრიანება ნიშნავს ევროპული იდენტობის, ევროპის ფინანსების, ევროპის კულტურის ინტეგრირებას საქართველოს კულტურასთან და ფინანსებთან. აქ ჩვენ არავინ არაფერს გვართმევს, პირიქით - შეიძლება ჩვენთან ურთიერთობა უფრო დიდი შენაძენი იყოს ევროპისთვის, ვიდრე ევროპა ჩვენთვის. მე რასაც ვსაუბრობ იმდენად ცხადია, რომ მერიდება კიდეც ამ თემაზე საუბარი. ამ თემაზე საუბარი დაბალი დონეცაა.

მაშინ რას ემსახურება მთავრობის მხრიდან კანონის ხელახლა დაინიცირება და ასეთი დაჟინება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღონ?

ბიზნეს-ლოგიკით და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ლოგიკით, ჩემთვის გაუგებარია რას ემსახურება „რუსული კანონის“ ხელახლა დაინიცირება. ვერ ვიგებ, რა საჭიროა ეს თემა.

მაგრამ ამ თემას აქვს დადებითი მხარეც. ამ ყველაფერმა გამოიღო ძალიან დიდი დადებით შედეგი. დავინახე ის, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ველოდებოდი. დავინახე ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესოდ საუბრობენ, რომლებსაც საინტერესო ლოგიკა, საინტერესო ჭკუა და თავისი სამშობლოს დიდი ერთგულება აქვთ. დიდი მადლობა „რუსულ კანონს“, რომ ამდენი თანამედროვე ახალგაზრდა გამოაჩინა საქართველოს მომავალი მმართველობის ასპარეზზე.