"სილქ როუდ ჯგუფი", კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:გიორგი რამიშვილი მ/წ 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები."- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.
შსს-ში ადასტურებენ, რომ მას იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა აცხადებენ, რომ არ ჰქონდა ტარების უფლება.
თუკი რამიშვილს სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს იმ მუხლებით, რომელსაც შსს ასახელებს, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.