„ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი ნაწილია, მას შეუძლია, გააძლიეროს ევრაზიის სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩი განმარტავს, ჩინეთი, საქართველო, ევროპა და დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა მხარე დაინტერესებულია ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებით, რაც სამომავლო თანამშრომლობას მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

„ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი ნაწილია, მას შეუძლია, გააძლიეროს ევრაზიის სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა. ანაკლიის პორტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის. ამჟამად, ჩინეთი, საქართველო, ევროპა და დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა მხარე დადებითად არის განწყობილი მისი განვითარების მიმართ, რაც სამომავლო თანამშრომლობას მნიშვნელოვან საფუძველს უყრის“, - აცხადებს ელჩი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო მეტი ჩინური კომპანიის შემოსვლას საქართველოში“

ამასთანავე, ჭოუ ციენი განმარტავს, რომ მხარს უჭერენ ჩინურ კომპანიებს, რომ საბაზრო პრინციპების დაცვით მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის პროექტში.

„ჩინური კომპანიების გაერთიანება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართულ მხარესთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინურ კომპანიებს, საბაზრო პრინციპების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მომავალში უფრო მეტი ჩინური კომპანიის შემოსვლას საქართველოში, რათა განახორციელონ ინვესტიციები და თანამშრომლობა ახალი ენერგორესურსების, ტურიზმის და სხვა სფეროებში, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამოცხადებული ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. პორტი პირველი გემის მიღებას 2029 წელს გეგმავს.

bpn.ge