ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიზნესმენს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა ტარების უფლება. თუკი რამიშვილს სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს იმ მუხლებით, რომელსაც შსს ასახელებს, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი რამიშვილი არაერთი მსხვილი კომპანიის დამფუძნებელი ან მეწილეა, მათ შორისაა Silk Road Group-ი. ჯგუფს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფოლიო აქვს, რომელიც კასპიის, ცენტრალური აზიის რეგიონსა და საქართველოში ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა: ტრანსპორტირება და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები, საბანკო, უძრავი ქონება და ენერგეტიკა. გიორგი რამიშვილი ,,სილქ როუდ ჯგუფის“ რამდენიმე კომპანიის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის, რომელთა შორისაა „სილქნეტიც“.

„სილქნეტი“ ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორი და ინტერნეტ-პროვაიდერია. 2024 წელს კომპანიის მობილური ქსელის შემოსავალი 304 მილიონი ლარი, ფიქსირებული ინტერნეტის ქსელის შემოსავალი კი 141 მილიონი ლარი იყო, რაც შეეხება მაუწყებლობის ტრანზიტის, ანუ ინტერნეტ-ტელევიზიის ბაზრიდან მიღებულ შემოსავალს, ის 56 მილიონი ლარს შეადგენდა. კომპანია „სილქნეტის“ აქტივების ზომა 858 მილიონ ლარს აღემატება.

გიორგი რამიშვილის მფლობელობაშია Silk Real Estate-ი, რომლის შემადგენლობაში შედის „რადისონის“ ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, მათ შორის „რადისონ ბლუ თბილისი", „რადისონ ბათუმი", „ტელეგრაფ თბილისი", „რადისონ ქოლექშენ წინანადალი", „პარკ ჰოტელ წინანდალი", „რესპუბლიკა" და სამორინე „ივერია“. Silk Real Estate-ის აქტივების ზომა 883 მილიონ ლარია.

ბიზნესმენის Silk Road Group-ის შემადგენლობაშია ასევე „სილქ ბანკი“, რომლის აქტივების ზომაც 2025 წლის მაისის მდგომარეობით, 188 მილიონ ლარს შეადგენს.

გიორგი რამიშვილის ჰოლდინგი ფლობს ტელეკომპანია „სილქნეტს" და ტელეკომპანია „ევრონიუსის" წარმომადგენლობას საქართველოში. 2024 წელს „სილქ მედიას“ ჯამური შემოსავალი 7.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, Silk Road Group-ი დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორთან, საქართველოს ენერგოსისტემისთვის ქვეყნის მასშტაბით აგებულია სილქ როუდის ჰიდროელექტროსადგურები, ამავდროულად კომპანიის სატრანსპორტო ბიზნესის ხაზი წარმოადგენს მნიშვნელოვან გადაზიდვის სერვისს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, როგორც თხევადი, ისე მშრალი ტვირთისთვის.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში სილქ როუდ ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციის შემოდინებას შეუწყო ხელი“, - წერია Silk Road Group-ის ვებ გვერდზე.