იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგისთვის ღვინის ეროვნულ სააგენტოს იაპონურ მარკეტინგულ კომპანიასთან RedBridge-თან 89,950 აშშ დოლარის კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოდან bm.ge-იმ გამოითხოვა.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოდან გვაცნობეს, კომპანია RedBridge-ს ხელმძღვანელობს იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი, კენიჩი ოჰაში.
"კონტრაქტის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინის კომერციული სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება, ეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში, ასევე ხორციელდება სხვადასხვა სახის სარეკლამო კამპანიები", - განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
RedBridge-თან კონტრაქტის ფარგლებში, წელს, სექტემბერში კიდევ ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, გაიმართება ქართული ღვინის მასტერკლასი ქალაქ ნაგოიაში იმპორტიორების, სომელიეების, ინფლუენსერების, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
რაც შეეხება ზოგადად აზიის ბაზარს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყება იაპონიასთან ერთად, მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკაში.
ცნობისთვის, წელს, იანვარ-ივლისში იაპონიაში 655 300 აშშ დოლარის თითქმის 109 ტონა ღვინო გავიდა ექსპორტზე, გასულ წელს კი ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 621 500 აშშ დოლარი და 99 ტონა შეადგინა.
გასული წლების ჯამური მაჩვენებლები შემდეგნაირია:
- 2024 წელი - 832 400 აშშ დოლარი - 136 ტონა
- 2023 წელი - 1,38 მლნ აშშ დოლარი - 193 ტონა
- 2022 წელი - 1,37 მლნ აშშ დოლარი - 231 ტონა
- 2021 წელი - 944 600 აშშ დოლარი - 127 ტონა