საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით თბილისში იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განიხილა საქართველოში BPO სექტორის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით, შედეგად, ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს ინდუსტრიის ტოპ ხუთეულში შემავალმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან ემსახურებიან წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
„ჩვენი ამოცანაა როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ ბიზნესმიმართულებებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ერთ-ერთი დარგი, რომელიც, ფაქტიურად, ნულიდან შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში, არის ე.წ. BPO სექტორი, ბიზნეს პროცესების ათსორსინგი, სადაც ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ გლობალური მოთამაშეების შემოყვანა - საუბარია რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილზე და იმ მომსახურების ექსპორტზე, რომლებსაც ეს სექტორი ეწევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანალოგიურია აიტი ტექნოლოგიების მიმართულებაც, სადაც ასევე სახელმწიფომ მოახერხა ათეულობით გლობალური მოთამაშის შემოყვანა და ათეულობით ათასი მაღალტექნოლოგიური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა.
„სწორედ ამ ფორმატში გაიმართა შეხვედრა BPO სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან - ისინი საქართველოში ეცნობიან იმ ბიზნესკლიმატს, იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომლებსაც სახელმწიფო ამ დარგის მოწინავე მოთამაშეებს სთავაზობს მსოფლიოს მასშტაბით“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ასევე გაიმართა BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელშიც ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.