გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან, კახეთის  მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძესთან  ერთად, დედოფლისწყაროში ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილის მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა და მეხორბლე ფერმერებს შეხვდა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„20,000 ტონაზე მეტი წარმადობის მქონე ინფრასტრუქტურის შექმნისათვის ფერმერმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სესხის თანხა 1,4 მლნ ლარს აჭარბებს, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 300 000 ლარია.

დავით სონღულაშვილმა მეხორბლე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მეხორბლე ფერმერებისთვის გაწეული დახმარების მიზანია მწარმოებლებმა მეტი მოსავალი მიიღონ, გაიზარდოს პროდუქტიულობა. საქართველოში ხორბლის სავალდებულო სერტიფიცირება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა ფერმერებს  უზრუნველყოფს  ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია. დავით სონღულაშვილმა ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ  ამ მიმართულებით ფერმერებს ბოლო წლებში პრობლემა არ შექმნიათ. სახელმწიფომ რამდენიმე ათეული კომბაინის შეძენაში თანადაფინანსებით მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხორბლის სამეურნეო ნიშან-თვისებების, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოირჩევა ხორბლის ახალი ფორმები, რომლებსაც ამჟამად  სხვადასხვა რეგიონში, განსხვავებულ კლიმატურ პირობებსა და ზონებში ცდიან. კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა ირჩევა და ფერმერულ მეურნეობებში ვრცელდება.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით სესხის თანხის ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად, 100 000-დან 300 000 ლარამდე  გაზარდა. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი სესხები გაიცემა ერთწლოვანი მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე, ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქებისა და  მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების  შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და  გამოყენებული საწვავის ხარჯები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.