ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სომხეთის სოფლი-მეურნეობის პროდუქციის მიღებას ფიტოსანიტარული სტანდარტების მიზეზით ზღუდავს. სომეხი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან სომხეთში უკან გაბრუნდა ასობით სატვირთო ავტომობილი. თუმცა, მოგვიანებით, ოფიციალურმა ერევანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკან დაბრუნებულია მხოლოდ 4 სატვირთო. აღსანიშნავია, რომ გასული თვეების განმავლობაში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ რუსეთი ბლოკავდა სომხეთიდან ალკოჰოლს, თევზეულს, ყვავილებსა და თხევად გაზს.
როგორც ცნობილია, სომხეთის ეკონომიკა წლებია უკვე ძირითადად რუსეთზეა მიბმული. თუმცა, ბოლო მოვლენებმა (აზერბაიჯანთან ომის დასრულებამ, თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავებამ, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტებმა და ზანგეზურის დერეფანმა) ერევანს შესაძლებლობა მისცა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოეყალიბებინა. მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად ართულებს სომხეთის ურთიერთობას რუსეთთან, თუმცა, მეორე მხრივ, ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური და პოლიტიკური კურსის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აჩენს.
იმ ფონზე, როცა სომხეთ-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს საქართველო, ცხადია, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო გაურკვევლობა პირდაპირ თუ ირიბად აისახება საქართველოზეც. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, როგორ იმოქმედებს ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოზე და რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო.
ამ და სხვა კითხვებით „ბიზნესპრესნიუსმა“ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრ ნიკოლოზ ალავიძეს მიმართა:
- რუსეთის ხელწერა სომხეთთან მიმართებაში ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, 2004, 2006, 2014 წლები რომ გავიხსენოთ (ემბარგო, მოქალაქეების გამოძევება და ა.შ.), ზუსტად იგივე მეთოდს მიმართა რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ, რასაც ახლა სომხეთთან მიმართებაში იყენებს. ვიცით, სომხეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე ძალიან იყო მიბმული. რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებით გამოწვეული კრიზისები სომხეთზე რამდენჯერმე რეალიზდა, მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. მაშინ საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო სომხეთის ეკონომიკამ, მაგრამ სომხები მობილიზებულები არიან და გარკვეულწილად შეძლეს გადაწყობა, თუმცა, სომხეთს აქვს დიდი გეოგრაფიული პრობლემა - ზღვასთან პირდაპირი გასასვლელი არ აქვს და გასვლა უწევთ საქართველოს გავლით.
მიუხედავად გამოწვევისა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, აზერბაიჯანთან ომის დასრულებითა და თანამშრომლობის მემორანდუმებით პოზიტიური მოლოდინი გაუჩნდა სომხეთს და კავკასიის რეგიონსაც. სომხეთმა აზერბაიჯანთან ომი ახალ ეტაპზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადაიყვანა, რაც ავტომატურად ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან. ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში სომხეთი იმდენად მოწყვლადი აღარ უნდა იყოს რუსეთის ეკონომიკაზე მიბმის გამო, როგორც აქამდე. ვხედავთ, რომ რუსეთი ამჟამად თავის ერთადერთ და კარგად დამუშავებულ ინსტრუმენტს იყენებს სომხეთის წინააღმდეგ, რათა მოახდინოს მასზე პირდაპირი და ირიბი გავლენა. მომავალი წლის თებერვალში სომხეთში არის არჩევნები და რუსეთი ყველანაირ ძალას აამოქმედებს სომხეთის წინააღმდეგ. რუსეთისთვის ესეც კარგად ნაცადი ინსტრუმენტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის მოლოდინი აქვთ სომხეთის შესაბამის სტრუქტურებსაც და შესაბამის ზომებს გაატარებენ.
რთული პერიოდი იქნება სომხეთისთვის, მაგრამ სომხეთი შეძლებს კრიზისის გადალახვას, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის დახმარებით. ამასთანავე, ახლად შეძენილი პარტნიორები აზერბაიჯანი და თურქეთი, არ დაუშვებენ, რომ ზანგეზურთან დაკავშირებული დიდი გადაწყვეტილებების შემდეგ, პროცესები ნეგატიურად განვითარდეს. სომხეთმა მოახერხა და გლობალურ პოლიტიკურ რუკაზე კარგად დააპოზიციონირა თავი და მიმაჩნია, რომ კარგად ესმოდათ, რომ ეს გზა მარტივი არ იქნებოდა; ვფიქრობ, რომ ისინი მიიღებენ როგორც აშშ-სგან, ასევე ევროკავშირისგან ფინანსურ და ინსტიტუციურ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ზანგეზურის დერეფნის მიმართ დაინტერესება დიდია.
როგორ აისახება საქართველოზე რუსეთ-სომხეთს შორის არსებული ვითარება და როგორ უნდა პოზიციონირდეს სახელმწიფო?
- საქართველოსთვის ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, სომხეთი ასეთი დარტყმის ქვეშ არის. რუსეთის მხრიდან სომხეთის მიმართ შეზღუდვა პირდაპირ აისახება ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, რადგან სატვირთო ავტომობილებს უწევთ დიდი ხანი დგომა და ისედაც შეზღუდული გამტარობის გზა, კიდევ უფრო ვიწროვდება, ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალი კი სუსტდება. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს შეზღუდვა როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად აისახება საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე. ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი, გონიერი ხელისუფალი ამისთვის იქნებოდა მომზადებული - დარწმუნებული ვარ, სომხეთი მალევე მოახერხებს შესაბამისი ზომების გატარებას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, მეორე მხარე [საქართველო] რამდენად მოძებნის საქმიან გამოსავალს.
მიუხედავად გამოწვევების, ახლა არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ დაამტკიცოს რეგიონში თავის ლიდერობა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს უმსხვილეს პარტნიორ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, მიგვეღო სომხეთის „დახმარებაში“ მონაწილეობა, მოკლევადიან გეგმებსა და შედეგებზე გვესაუბრა, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა და ა.შ. როგორც წესი, ასე იქცევიან, მეზობლები, მეგობრები და პარტნიორები. საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ თავის სერვისებს, კომპეტენციას, პარტნიორობას და მეგობრობას მონეტიზება გაუკეთოს და ამჟამინდელი „აუტსაიდერული“ პოზიცია შემოაბრუნოს.
შექმნილ ვითარებაში რამდენად მნიშვნელოვანია და ხომ არ უბიძგებს ბაზრების დივერსიფიცირებისკენ როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს?
- რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების ინდიკაციები ძალიან დიდი ხანია არსებობს. 2006 წელს არ დაწყებულა ეს, როდესაც ღვინოზე ემბარგო დაწესდა. პირველი ასეთი შემთხვევა გვახსოვს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და რკინიგზა გადაკეტა. მაშინ ამან საბჭოთა კავშირის შიმშილი კი არა, სომხეთის შიმშილი გამოიწვია და დელეგაციებიც კი იყვნენ ჩამოსული სომხეთიდან. იმ დროიდან ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კორიდორი ჩვენი მეზობლებისთვის და რამდენად კარგად შეიძლება იქნას გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. სამწუხაროდ, ამ დრომდე სომხეთი აქტიურად იყო რუსეთის ფრთის ქვეშ მოქცეული, მაგრამ სომხეთის ახალი გაცხადებული კურსის შემდეგ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო რეალური გამოდგა. რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა, რომ ძალიან საზიანოა „ჯანმრთელობისთვის“, ვიცით. ჩვენც ნათლად უნდა ვხედავთ, რომ რუსეთთან დაახლოების თემა ჩვენთვის სასიცოცხლოდ საზიანოა, ის არასდროს არ იქნება პოზიტიური არავისთვის.
„ღვთიური სასწაულის“ ნაწილია, რომ რუსეთმა დაუწყო აგრესიული ფორმით სომხეთს ჭიდაობა, ამით ის მარტო სომხეთს კი არ ეჭიდავება, ეჭიდავება იმ გრანდიოზულ პროექტს, რომელზეც შეთანხმება მოხდა და რომლის წინაპირობაც იყო 30-წლიანი ომის დასასრული ყარაბაღის გამო; ერები შეთანხმდნენ, შერიგდნენ და შეიქმნა ძალიან დიდი კოლაბორაციული ალიანსი, სადაც შედის უმსხვილესი ეკონომიკა, აშშ და დაინტერესებულია ევროკავშირიც. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ინდიკაციები არსებობს, რომ საქართველო მიხვდეს, რომელ მხარეს უნდა იდგეს, რა პროცესს უნდა მიჰყვეს. განვმეორდები, რომ გაშვებული შესაძლებლობების დაბრუნების საშუალება გვაქვს ახლა... უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი სომხეთს, გავუზიაროთ გამოცდილება და ჩავერთოთ კრიზისების მართვაში. უნდა გვესმოდეს, რომ ზუსტად იგივე მდგომარეობა აქვს სომხეთს ახლა, რაც ჩვენ 2006 წელს ღვინის ემბარგოს დროს გვქონდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტები სომხეთისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია, იმავენაირად როგორც ჩვენთვის ღვინო და ყურძენია. შეგვიძლია რომ, გამოცდილება გავუზიაროთ სომეხ კოლეგებს და მოკლევადიანი გადაწყვეტა და სამომავლო გადაზღვევის მექანიზმები ერთად შევიმუშაოთ. ეს, პირველ რიგში, საშუალო და გრძელ ვადაში ჩვენი თავის დახმარება და დაკარგული პოზიციების დაბრუნების შესაძლებლობა იქნება.