ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

„უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული  ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში.

 

თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

 

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.