მხოლოდ 2025 წლის ივლისში დედაქალაქში 3 647 ბინა გაიყიდა, რაც მხოლოდ ერთ თვეში 36.4%-იანი მატებაა, წლის განმავლობაში კი ყველაზე მაღალი ნიშნულია, -  - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.

როგორც მიმოხილვაში წერია, ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო ამ თვეში შეთავაზებული ფასდაკლებებით.

გაყიდვები ივლისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.3%-ით შემცირდა, რაც, "გალთ ენდ თაგარტის" მიმომხილველების განმარტებით, გასული წლის მაღალი ბაზით იყო განპირობებული და რაზეც ეფექტი ასევე ივლისის ფასდაკლებებს და დაგროვილ მოთხოვნას ჰქონდა. მათივე ანალიზით, ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის მიხედვითაც.

რაც შეეხება ფასებს, თბილისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ივლისში 1 340 დოლარი იყო, 2024 წლის ივლისში 1 298 დოლარი, 2023 წლის იმავე თვეში კი 1 173 დოლარს უტოლდებოდა.

„გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, წელს შვიდ თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერული პროექტების გაყიდვებში 12% შეადგინა, რუსეთის მოქალაქეების წილი 2% იყო, სხვა ქვეყნების კი 11%.

ამავე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში შვიდ თვეში 75%-ს შეადგენდა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო სამი წელია საქართველოს მოქალაქეების წილი ბინების გაყიდვებში წლიდან წლამდე მცირდება.

ასე მაგალითად, 2024 წელს მთლიან გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი თბილისში 79% იყო, 2023 წელს კი 83%-ს შეადგენდა.