ბიზნესი სახელმწიფო ტენდერების ფასწარმოქმნაში არსებულ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ხარჯები იზრდება, თუმცა დამკვეთებისგან ტენდერებში შეთავაზებული ბიუჯეტი უცვლელია.

ცვალებადი ფასების ფონზე კონტრაქტორი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღებას ითხოვენ. ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად, გაზარდოს პროექტის ბიუჯეტი. კომპანია "ინსის" დირექტორი ზვიად თოიძე აცხადებს, რომ შემსყიდველების ნაწილი ტენდერებში აღნიშნულ მექანიზმს ითვალისწინებს, თუმცა ბევრ შესყიდვაზე ინდექსაციის არ არსებობის გამო, რისკების გადაზღვევა ვერ ხდება.

“ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მუხლის შემოღებას, დიდი ხანია ვითხოვთ, მაგრამ ამ დრომდე ტენდერებში ის სავალდებულო არ არის და აუცილებელია, რომ იყოს. ფასთა ინდექსაცია საჭიროა, ვინაიდან პროექტები, რომლებიც 2-3-წლიანია, ამ დროის განმავლობაში ფასები იცვლება. ინდექსაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის ფარგლებშიც გადახედვა ხდება ხოლმე ფასების. სტატისტიკის სამსახური ყოველ თვე აქვეყნებს განახლებულ ინდექსს და ამის მიხედვით ხდება ფასების ცვლილება. ეს არ არის საქართველოში ჯერ სავალდებულო, რაც გვინდა, რომ სავალდებულო იყოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ამ პროექტების განხორციელებას.”-ამბობს კომპანია “ინსის” დირექტორი ზვიად თოიძე.

ფასთა ინდექსაციის ტენდერებში როგორც სავალდებულო მუხლის შემოღებაზე ბიზნესი 2022 წლიდან საუბრობს. სწორედ 2022 წელს სახელმწიფომ ბიზნესს ინდექსაცია როგორც ერთჯერადი მექანიზმი, რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად, შესთავაზა. მას შემდეგ დარგობრივი ასოციაციის ჩართულობით სარეკომენდაციო ცვლილებების პაკეტიც მომზადდა, თუმცა კერძო სექტორი ტენდერებში ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღებას ამ დრომდე ელოდება.

bm.ge