"დიდი ცვლილებები საერთაშორისო ვაჭრობაში ტრამპის გაურკვეველმა, გაუაზრებელმა და არასტაბილურმა სატარიფო პოლიტიკამ, ქვეყნები უფრო მეტად დააფიქრა აბრეშუმის გზაზე," - ამის შესახებ ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი, ზურაბ მაღრაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ევროპისთვის აშშ-ს ბაზარი სტაბილური იყო. ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ევროპა იწყებს ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარებას ერთის მხრივ შუა აზიაში, ხოლო მეორე მხრივ ამ წლის დეკემბერში აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ინდოეთთან. კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრალია ისეც სტაბილურია ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობებში. მაღრაძის აზრით, ჩინეთს ორი რამ აინტერესებს, ტრამპის პოლიტიკის შედეგად ევროპის ეკონომიკური დასუსტება, რომ ევროპა მასზე გახდეს დამოკიდებული. ევროპას კი ფსონი სხვაგვარად აქვს დადებული და მეორე, უკრაინასთან ომით რუსეთის დასუსტება, რომ იაფად ჩაიგდოს ხელში მისი რესურსები.
"რა ხდება კავკასიაში?
სომხეთს, რომელიც მოსკოვის ორბიტიდან გასვლას ცდილობს, ირანთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული. ამიტომ ევროპისთვის სომხეთი, როგორც სამხრეთ-დასავლეთის დერეფნის "მშვიდობის გზაჯვარედინი", ხელიდან გასაშვები არ არის.
აზერბაიჯანს, რომელიც ასევე ცდილობს მოსკოვის ორბიტიდან გასვლას, თურქეთის ზურგით, შუა აზიასთან პირდაპირი კარიბჭეა ევროპისთვის. ბაქოსთან ევროპას დალაგებული აქვს ნავთობის ტარიფებიც, მაგრამ, ევროპა, განახლებადი ენერგიის დანერგვაზე გადადის და ნავთობის ეკონომიკა აღარ წარმოადგენს მომავალს. ამიტომ, ევროპას ესეც მოგვარებული აქვს შავი ზღვის მწვანე კაბელის პროექტით, აზერბაიჯანიდან უნგრეთამდე. როდესაც ნავთობის ეკონომიკა შემცირებას დაიწყებს, ბაქოს ბევრი რამის შეცვლა მოუწევს. სანამ იქნება შავი ზღვის კაბელი, ანაკლიის პორტი და ასევე აფხაზეთი-ყირიმის რკინიგზა, მანამდე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევროპისთვის შუა აზიასთან სატრანსპორტო კავშირის შესაძლებლობად იქმნება.
ამ ყველაფრით უკვე თურქეთიც დაინტერესებულია და ისიც პრაქტიკული პარტნიორი ხდება ევროპის.
საქართველოს ბედი კი უკრაინაში წყდება. უკრაინის გამარჯვების გარეშე კი ზევით აღწერილი ეს ყველაფერი ვერ შესრულდება.
ამიტომ, ევროპა, კანადა, ავსტრალია, იაპონია, კორეა, ახალი ზელანდია და სხვები ვერ დაუშვებენ ევროპის ხელახალ ანექსიას რუსეთის მხრიდან.
ყველაზე მთავარი - დიდი ბრიტანეთი! ზევით აღწერილ განახლებულ აბრეშუმის გზის მშენებლობას დიდძალი ინვესტიციები და დიდძალი ინფრასტრუქტურა ჭირდება. სანამ ეს აშენდება და გაიმართება, მანამდე ლონდონი მოახერხებს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის რეგულირებას. ლონდონს ყველაზე დიდი ფუნქცია და ამავე დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს.
ახალი აბეშუმის გზის წესრიგში საქართველო იქნება დირიჟორი ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციის აღებ-მიცემობაში, რადგან კრიმანჭულს და მრავალჟამიერს მარტო ჩვენ ვმღერით და ეს იციან ყველაზე კარგად ლონდონში. დირიჟორობა კი თბილისის, რუსთავის, გორის და ქუთაისის საფონდო, სასაქონლო და სავალუტო ბირჟებზე შედგება. ამიტომ, მიეცით დროს დრო!" - წერს ზურაბ მაღრაძე სოციალურ ქსელში.