საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით მეთხილე ფერმერები წელს დაახლოებით 50 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა აღნიშნავს, აქვთ მოლოდინი, რომ წელს თხილის უკეთესი მოსავალი იქნება.
„მოსავლის აღება დაახლოებით 5 დღეა დაიწყო. მეტ-ნაკლებად ნელი ტემპით ხორციელდება თხილის აღების სამუშაოები. ვფიქრობ, რომ მიმდინარე კვირას უფრო აქტიურად დაიწყება აღება. ჯერ ხარისხზე საუბარი ნაადრევია, რადგან პირველი თხილი ამ მომენტისთვის უკვე გაშრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედარებით უკეთესი მოსავალი იქნება, ვიდრე შარშან იყოს.
რაოდენობრივად ასევე პოზიტიურად ვართ განწყობილი. ველოდებით, რომ წელს მოსავალი დაახლოებით 5-10%-ით მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს. დაახლოებით 50 ათასს ტონაზე ავა. მსოფლიო ბაზარზეც პოზიტიური ტენდენციაა და ველოდებით, რომ კარგი სეზონი გვექნება“, - აღნიშნავს მერაბ ჭითანავა.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით ფასი გაზრდილია. კერძოდ, ამ დროისთვის 1 კგ. თხილის ფასი 4 ლარიდან 6-ლარამდე მერყეობს. თუმცა, ფასი დამოკიდებულია ხარისხზე.
„ბაზარზე თხილის ფასი საკმაოდ მაღალია და ფერმერების მოსავლის აღებისთვის მოტივაცია უფრო მეტი აქვთ. ველოდებით, რომ სწრაფად მოხდება მოსავლის აღება. საშუალოდ თხილის ფასი დღეს არის 5 ლარი. ფასი შესაძლოა, მერყეობდეს 4 ლარიდან 6-ლარამდე - ეს დამოკიდებულია გამოსავლიანობაზე, ხარისხზე, მოვლილია თუ არა თხილი და ა.შ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მერაბ ჭითანავამ.