მთის კურორტების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში კლიმატის მკვეთრი ცვლილებაა, რის გამოც ტურისტებმა აქცენტი სამთო კურორტებზე გადაიტანეს. ბოლოდროინდრელი ტენდენცია ცხადყოფს, რომ მთის მიმართ მოთხოვნა სულ უფრო მატულობს. მთა მაღალი სიცხისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდა. ამიტომაც, ზაფხულობით ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს სამთო კურორტებზე უხვად ნახავთ.

ამ დროს საქართველოში არსებული მთის კურორტები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. სპეციალისტების ვარაუდით, ამჟამად არსებულ დატვირტვას მთის კურორტები უძლებენ, თუმცა სამომავლოდ, ეს შეუძლებელი გახდება. ამიტომ, აუცილებელია მთის კურორტების განვითარება.

ფაქტია, რომ სამთო კურორტებზე თითქმის ყველგან სამედიცინო პუნქტების, აფთიაქების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ობიექტის დეფიციტია. ასევე, მოუწესრიგებელი და მოუგვარებელია დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილები. თითქმის უგულებელყოფილია უსაფრთხოების ზომები და ა.შ. მოკლედ, ამ კუთხით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სპეციალისტები ფიქრობენ რომ არსებული პრობლემის მოგვარებაში დიდი როლი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და გამგეობებმა უნდა შეასრულონ.

კურორტების არასწორ განვითარებაზე საუბრობს ექსპერტი ნიკო კვარაცხელია.

"კურორტები ინფრასტრუქტურულად უნდა გაიმართოს. საჭიროა სამედიცინო პუნქტების, სურსათისა და სხვადასხვა სახის საჭირო მომსახურებებით უზრუნველყოფა. მთაში უწამლოდ ასვლა კატასტროფაა. დამსვენებელი ყველაფრით ვერ აღიჭურვება. პირველადი დახმარების საშუალება ყველგან უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მაგალითად, სვანეთში მოხდა შემთხვევა, როდესაც ლაშქრობაში მყოფ სტუდენტების ჯგუფს, რაღაც უცნაურმა მწერებმა ცხენები დაუკბინეს. თვითონ სასწაულად გადარჩნენ. შეიძლება მწერები რამე ინფექციის მატარებლებიც არ იყვნენ, მაგრამ შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია.

იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ წყლებზეც. საქართველო მდიდარია სხვადასხვა სახის თერმული, მინერალური წყლებით, რომელიც ბუნებრივად მოედინება. ზოგიერთი მათგანი ადამიანმა ზომიერად უნდა მიიღოს. რადგან წყარო ბუნებრივად მოედინება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიღების წესები არ აქვთ. ზოგი კვებამდე, ან კვების შემდეგ უნდა მივიღოთ, ზოგიც მცირე რაოდენობით და ა.შ. მაგალითად, ლუგელა და სხვა მსგავსი წყლის თვითნებური დალევა არ შეიძლება.

ეს მუნიციპალიტეტებისა და სოფლის დონეზე უნდა გაკეთდეს, რომ ტურისტს ჰქონდეს მის მოხმარებასთან დაკავშირებით მოკლე და საჭირო ინფორმაცია, რათა უკუშედეგი არ მიიღონ.

მოკლედ, ბევრი ნიუანსია მოსაწესრიგებელი, რომ დამსვენებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. თუ ეს და სხვა საკითხები არ მოგვარდა, დროთა განმავლობაში მთის კურორტები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან" - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ნიკო კვარაცხელიამ.

მთის კლიმატი და ჰავა ბევრი კუთხით სასარგებლოა, რასაც, ამ ბოლო დროს, დამსვენებლების მიერ გამოჩენილი აქტივობაც ცხადყოფს. მოჭარბებული მოთხოვნის ფონზე აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არაერთი სამუშაოს ჩატარება. მთის კურორტების სრულყოფილი განვითარებისთვის და მათი ხელშეწყობისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვაზე საუბრობს კურორტოლოგი გიგი ყუფარაძე.

,,ბოლო დროს შექმნილი სურათი ცხადყოფს, რომ მთის კურორტების პოპულარობა ძალიან გაიზარდა. საქართველოში ყოველთვის იყო ბავშვებისთვის მიზანშეწონილი მთის კლიმატი და ჰავა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბევრი მხრივ სასარგებლოა - ანემიებისთვის, სასუნთქი სისტემის, ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევის სამკურნალოდ, მადის გასაუმჯობესებლად, დეპრესიის მომხსნელად და ა.შ. ამიტომ ბაშვებისთვის მიზანშეწონილი და კარგია მთაში დასვენება.

რაც შეეხება დატვირთვის თემას, ჯერჯერობით არა მგონია, ამა თუ ის  მთის კურორტი დამსვენებლების სიმრავლეს ვერ უძლებდეს. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სასტუმროები. რაც შეეხება მომავალს, მთის კურორტები როგორც ადგილობრივიებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტების მისაღებად რომ იყოს ორიენტირებული, ამისათვის პროდუქტების დივერსიფიკაცია საჭირო გახდება. აუცილებელია, უფრო მეტი შეთავაზების შესაძლებლობა ჰქონდეს კურორტებს როგორიცაა აუზები, სათავგადასავლო ტურები, მთის ველოსიპედები, საცხენოსნო ტურები, და ა. შ.

ათასი შეთავაზება შეიძლება გაკეთდეს. საჭიროა დამსვენებელი განიტვირთოს და რაც შეიძლება მეტი ნახოს. ამიტომაც ევროპაში შეთავაზების მრავალფეროვნება აქვთ. ჩვენც შეგვიძლია მათგან გადმოვიღოთ და მეტად განვავითაროთ საქართველოს კურორტები. მაგალითისთვის, ავსტრიაში ერთ-ერთ კურორტზე, მთაში, გვითხრეს, რომ აქვთ აუზები, საჯინიბოები, მოტოჯიპის გზები, პარაშუტით გადმოხტომა, ალპებში ნადირობა და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამე შეთავაზებაა იქ მთის კურორტებზე, რაც ჩვენს დასასვენებელ ადგილებს აკლია. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ,"-  განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" გიგი ყუფარაძემ.

მთის კლიმატური ჰავის მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობენ. ასეთ სამკურნალო ადგილებს განსაკუთრებით ეძალებიან ოჯახები, რომელების პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კურორტზე ეკონომიკური ფაქტორების წინა პლანზე წამოწევა ხდება, რაც დისკომფორტს უქმნის დამსვენებელს.

,,სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი ერთ სივრცეში ხდება. მაგალითად, სადაც ტყეა, იქ არის ყველა სახის გასართობი, რაც ბევრ რამეზე ცუდად აისახება. უცხოეთში ისეა, რომ ყველაფერი დახურულია და გართობის მოყვარულთა ხმები არავის აწუხებს. მართალია ადგილობრივი მოსახლე ამით ფულს აკეთებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დამსვენებლისთვის დისკომფორტია. კურორტებზე ბევრია კვადროციკლები ან თუნდაც  ზამთრის ბურანები. ისინი არაეკოლოგიური ტრანსპორტია. მთაში, სადაც დამსვენებელი ჯანსარი ჰაერის მისაღებად არის ასული და იქ მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშულებების ყოვლად დაუშვებელია. ამ კუთხით რეგულაციები, აუცილებლია.

უნდა ითქვას ის გარემოებაც, რომ აქ ვაწყდებით მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ლიბერალურად შეხედოს საკითხს, ნაკლებად  დააზარალოს ხალხი; მაგრამ თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ ევროპული ტიპის კურორტები, ნაბიჯები თანდათან უნდა გადაიდგას. თუ დარჩება ის ფორმა რაც გვაქვს, მაშინ წინ ვერ წავალთ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიგი ყუფარაძემ.

დამსვენებელთა სიმრავლე თვალშისაცემია ნებისმიერ მთის კურორტზე. ადრე გაზაფხულიდან მოყოლებული აქტიურობით გამოირჩევა ,,სურამი" მისი ჰავის საასრგებლო თვისებები კარგად იციან დამსვენებლებმაც. არც ახლანდელი სეზონია გამონაკლისი. ჩასული ტურისტები ყვებიან, რომ გაუსაძლისი სიცხის პირობებში აქაური ჰავა მათთვის დასვენების საუკეთესო პირობაა.

"ყოველთვის უპირატესობას ზღვისპირა კურორტებს ვანიჭებდი. წელს მოხდა ისე, რომ არჩევანი მთაზე გავაკეთე. მიხარია, რომ ამ მშვენიერ მხარეს ვეწვიე. პირველადი შათაბეჭდილება ძალიან კარგია. თუმცა, ბევრი რამ გამოსასწორებელია. ვგულისხმობ ტყეში განლაგებულ ატრაქციონებს და სხვადასხვა გართობის საშუალებებს. ასევე მოსაწესრიგებელია წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა. ეტყობა ხშირ დატვირთვას ვერ უძლებს. იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ ეს საკითხები გადაიჭრება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სურმში მყოფმა დამსვენებელმა ვერა გოგორიშვილმა.

წყარო: რეზონანსი