კურორტების განვითარების სააგენტომ რაჭის 4-სეზონიან კურორტად გარდაქმნის შესახებ ბაზრის კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც შესყიდვების სააგენტოს, გამარტივებული შესყიდვებიდან ხდება ცნობილი, კვლევის არეალებია: ონის მუნიციპალიტეტში მრავალძალის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხარტალი-ბეთლევი-შხივანას ტერიტორიები.

სატენდერო დუკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, კურორტების და ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად რაჭის რეგიონში კონკურენტუნარიანი და ოთხსეზონური მთის კურორტების განვითარების კონცეპტუალური დიზაინის შექმნა საკვანძო საკითხია.

ამასთან, სატენდერო პირობებში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის აგვისტოში, რაჭაში, შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რაჭაში ახალი კურორტების არსებობა, შესაბამისად რეგიონში კონკურენტუნარიანი და ოთხსეზონური მთის კურორტების განვითარებისთვის შერჩეულია პრიორიტეტული მიმართულებები, ახალი კურორტების განვითარებისათვის.

„აღნიშნული საკურორტო ადგილები რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მრავალძალი - ზღვის დონიდან 1750- 2100 მ-ს, ხოლო სხარტალი-ბეთლევი-შხივანა - 1100-1300 მ-ის სიმაღლის დიაპაზონში მდებარეობს. ორივე ლოკაცია იძლევა დიდ შესაძლებლობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკურორტო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სატენდერო პირობების მიხედვით, ბაზრის კვლევა 8 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 335 134 დოლარია.

„ვინაიდან პროექტი მასშტაბურია და ემსახურება სტიქიის შემდგომ რეგიონის განვითარებას, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებაში, იგი პირდაპირ პროპორციულად გამოიწვევს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება. საკითხის ასეთი მნიშვნელოვნებიდან და ასევე შესყიდვის ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ტენდერის პროცედურები გაახანგრძლივებს ღონისძიებების განხორციელების ვადებს“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ ზუსტად 1 წლის წინ დაანონსდა. ეკონომიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და დაამატა, რომ ეს ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი