2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს. 2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს დაედო ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია. ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით. დეკლარაციების პორტალზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაინტერესებულ პირს წვდომა აღარ აქვს.

"კომერსანტი" ამ საკითხზე ანტიკორუფციულ ბიუროს ჯერ კიდევ 4 დეკემბერს დაუკავშირდა; მაშინ ბიუროს იურისტმა, ნინი მაღლაკელიძემ გვითხრა, რომ შეფერხება ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მაშინ და არც ახლა, "ტექნიკურ ხარვეზებზე" ანტკორუფციულ ბიუროს საჯარო განცხადება ან განმარტება თავისი ნებით არ გაუკეთებია. 

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, "კომერსანტი" ანტიკორუფციულ ბიუროს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თამარ ბერიძემ ამჟამად განმარტა, რომ საიტზე ფილტრი იმისთვისაა, რათა საჯარო პირებს რეგისტრაცია გაუმარტივდეთ.

ბერიძე გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ, საიტზე ფილტრი აღარ იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის უტყუარობას ვერ გვიდასტურებს. 

,,ვადასტურებთ, რომ ამ დროისთვის, თანამდებობის პირთა დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით დიდი ხარვეზები იყო, თავად დეკლარანტებიც ვერ ახერხებდნენ დეკლარაციის შევსებას, ჯერჯერობით ეს პროცესი დასრულებული არ არის.

საიტზე, ჩემი ინფორმაციით, არანაირი ცვლილება არ უნდა იყოს. ეს ფილტრი იმისთვის არის, რომ გვერდი ცოტა უჩვეულოდ იხსნება; თეთრი ფორმატია და შესაძლოა დამაბნეველი იყოს. იმიტომ, გამოვიტანეთ, რომ თანამდებობის პირისთვის მისთვის უჩვეულო ფორმატი ნაცნობი გამხდარიყო და აქ შეევსო დეკლარაცია.

ტექნიკური ჯგუფი ყველანაირად ცდილობს რომ საიტის რეორგანიზაცია მალე დასრულდეს",- აღნიშნა დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

ინფორმაცია განახლებადია და "კომერსანტი" თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობას, ასევე ფილტრს ისევ გადაამოწმებს.