ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღეს.

19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, სამივე ვიცე-პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას კანონის შესაბამისად 27 ნოემბრამდე აგრძელებდნენ, დღეიდან კი ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტის გარეშე დარჩა.

ეროვნული ბანკის საბჭოში უკვე მხოლოდ 6 წევრია, ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, რობერტ სინგლეტერი, თეიმურაზ ხომერიკი, ნანა ყეინიშვილი. აღსანიშნავია, რომ რობერტ სინგელეტერს უფლებამოსილება მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება და საბჭოში ხუთი წევრი დარჩება.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.