"საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოში" რომეო მიქაუტაძისთვის ხელბორკილების დადებას "შიდა კლანური დაპირისპირების ერთ-ერთ შედეგად" აფასებენ - TI-ის წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა, სწორედ ამიტომ, ქევხიშვილის განმარტებით, სხვა პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთაც არის საჭირო.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ უნდა იყოს პირველი პირი, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს, სანდრო ქევხიშვილი პასუხობს - "შეიძლება ეს იყოს ლევან დავითაშვილიც და ასევე სხვები, აქ უკვე საკმაოდ დიდ სიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ".
"გამოძიება შეიძლება შეფასდეს როგორც "ქართული ოცნების" შიდა კლანური დაპირისპირების ერთ-ერთი შედეგი. ჩვენ ამას არ ვაფასებთ როგორც რაღაც გადაწყვეტილებად, რომ კორუფციას რამენაირად ებრძოლონ. როგორც ვხვდებით, ახლა არის გადალაგება "ოცნებაში". რეალურად, ჩვენ მიერ გენერირებულ გამოძიებებს იყენებენ კომპრომატებად ერთმანეთის წინააღმდეგ. ესეც საინტერესოა და "ქართულ ოცნებაში" სხვებისთვისაც დამაფიქრებელი უნდა იყოს. ეს ადამიანი მარტო ვერ იმოქმედებდა. ის იყო მაღალ თანამდებობაზე, თუმცა მის ზემოთ იყვნენ კიდევ. რამდენიმე უწყებაში მუშაობდა. წესით და რიგით გამოძიება უნდა დაინტერესდეს მისი ყველა უფროსით." - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.
"მიქაუტაძე ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირია და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს ხაზი" - ამის შესახებ ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ რომეო მიქაუტაძის დაკავების თაობაზე საუბრის დროს განაცხადა. მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის ხელბორკილების დადების ფაქტი "პირადი ანგარიშსწორების ნიშნებსაც" შეიძლება შეიცავდეს.
"ის ბრალდება, რომელიც მიქაუტაძეს წაუყენეს, იმავე წარმატებით შეიძლება წაუყენონ ნებისმიერ მაღალჩინოსანს, არამარტო მოადგილეებს, არამედ მინისტრებსაც და ვფიქრობ, ეს დროც დადგება" - თქვა ქეთევან ენუქიძემ.
"მიქაუტაძე არის ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირი და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს რაღაც ხაზი, რადგან ჩვენ გვახსოვს, ივანიშვილმა 2015 წლის ბოლოს ღარიბაშვილი საჯაროდ დაადანაშაულა. ამან ხელი არ შეუშალა, რომ მერე ისევ დაებრუნებინა ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ პრემიერად და არც ქება-ხოტბა დაუშურებია მისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ სანახაობა ძალიან ბევრი გველოდება. შეიძლება იყოს პირადი ანგარიშსწორების ნიშნებიც, რადგან ის ბრალდება, რომელიც მიქაუტაძეს წაუყენეს, იმავე წარმატებით შეიძლება წაუყენონ ნებისმიერ მაღალჩინოსანს, არამარტო მოადგილეებს, არამედ მინისტრებსაც და ვფიქრობ, ეს დროც დადგება". - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.