ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის NCTS-ის ამოქმედებამ ქართული საფინანსო სისტემისთვის შემოსავლის პოტენციური წყარო გააჩინა. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ამ სისტემაში ჩართვის შედეგად საფინანსო სექტორში შესაძლებელია 1,5-დან 2,5 მილიარდი ლარის საგარანტიო პორტფელი შეიქმნას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი, NCTS-ის მეშვეობით საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები 36 ქვეყანასთან. იმისთვის, რომ ერთი დეკლარაციით ტვირთი აღნიშნულ ქვეყნებში გადაადგილდეს, ამისთვის ეს სისტემა 15 მაისიდან საქართველოზე გამავლი ტვირთებისთვის, 1 ივლისიდან კი საქართველოზე ტრანზიტულად გამავალი ტვირთებისთვის ქართული გარანტიების წარდგენის ვალდებულებას აწესებს. ეს გარანტიები შეიძლება გასცეს როგორც ბანკებმა, ისე სადაზღვევო კომპანიებმა.

„ამან საკმაოდ დიდი და მძლავრი შემოსავლის პოტენციური წყარო გააჩინა ქართული საფინანსო სისტემისთვის. აქ იგულისხმება როგორც საბანკო სექტორი, ისე სადაზღვევო სექტორი.

ჩვენ ვიცით, რომ ქართული ლიცენზირებული ბანკების გარანტიებით უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ტვირთების დაზღვევა. როგორც მინიმუმ მუდმივმოქმედ პორტფელზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, 1,5-დან 2,5 მილიარდი ლარის საგარანტიო პორტფელი შეიძლება შეიქმნას ამ სისტემაში ჩართვის შედეგად, რომელიც სურვილი გვაქვს, რომ თანაბრად გადანაწილდება როგორც საბანკო სექტორის, ისე სადაზღვევო კომპანიების პორტფელებზე“,- აცხადებს დავით რუსია, საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი.